ახალი Audi RS5 — 107 ცხენის ძალით უფრო მძლავრი, ვიდრე BMW M3 Competition
Audi-მ ახალი თაობის RS5 წარადგინა, რომელიც ძველ RS4-სა და RS5-ს ჩაანაცვლებს — ასევე, ეს გერმანული ავტომწარმოებლის პირველი პერფორმანსზე ორიენტირებული დამუხტვადი ჰიბრიდი იქნება. მოდელის კაპოტის ქვეშ 2.9-ლიტრიანი, ორტურბინიანი V6 იმალება, რომელიც ტრანსმისიაში განლაგებულ ელექტროძრავს შეუწყვილდება, რაც ძალიან მაღალ სიმძლავრეს წარმოქმნის.
V6, რომელიც მოდელმა მემკვიდრეობით RS4/RS5-სგან მიიღო, 503 ცხ.ძ სიმძლავრესა და 600 ნიუტონ მეტრ მაბრუნ მომენტს გამოიმუშავებს, თუმცა ელექტროძრავთან კომბინაციაში სისტემა 630 ცხ.ძ-სა და 825 ნიუტონს გვთავაზობს — მთელი ეს სიმძლავრე თვლებს 8-სიჩქარიანი, ავტომატური გადაცემათა კოლოფით მიეწოდება. 

გამოდის, რომ ახალი RS5 საბაზისო კომპლექტაციის BMW M3-ზე 157-ით მეტ, ხოლო M3 Competition xDrive-ზე 107 ცხ.ძ-ით მეტს გამოიმუშავებს. Audi-ს ცნობით, 100კმ/სთ-მდე ავტომობილი 3.6 წამში ჩქარდება.
აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ელექტრული მუხტით მანქანას 80კმ-ის გავლა შეუძლია, რაც პერფორმანსზე ორიენტირებული მანქანისთვის მშვენიერი მაჩვენებელია.
არასაკმარისი მოხვევადობა? აქ არა!
ცხადია, როგორც სედანი RS5, ისე მისი უნივერსალი ვერსია Avant-ი, თავს მხოლოდ ძრავით არ იწონებენ. სრული ამძრავობის Quattro ახალი ცენტრალური დიფერენციალით აღიჭურვა, რომელიც მართვადობას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს. ადგილზეა Dynamic Torque Control სისტემაც, რომელსაც უკანა თვლებს შორის მაბრუნი მომენტის ცვლილება მილიწამებში შეუძლია. 

მოდელში წარმოდგენილია RS Torque Rear რეჟიმიც, რომელიც „დრიფტის რეჟიმის“ გერმანული, თავაზიანი შესატყვისია. ფოლადის სამუხრუჭე დისკოების დიამეტრი წინ 420მმ-ია, უკან კი 400მმ — ნახშირბად-კერამიკული ვარიანტის არჩევის შემთხვევაში კი წინა დისკოები 440მმ-მდე იზრდება, უკანა — 410მმ-მდე, პროცესში კი წონაც 30 კილოგრამით მცირდება...
საგრძნობლად გაზრდილი წონა
სედანი მძღოლთან ერთად, საშუალოდ, 2 355კგ-ს იწონის, ხოლო უნივერსალი 2 370კგ-ს. შედარებისთვის წინა RS4 Avant-ის წონა 550კგ-ით ნაკლები იყო და სულ 1 820კგ-ს შეადგენდა — ნახევარი ტონით დამძიმება სახუმარო ამბავი არ არის.
ახალი სედანი V8 ძრავით აღჭურვილ RS6-ზე 190 კილოგრამით, ხოლო BMW M3 Competition-ზე 550 კილოგრამით უფრო მძიმეა. მიუხედავად ამისა, აუდის მოდელი BMW M5-ს მაინც 155 კილოგრამით ჩამოუვარდება.
თუ ვიზუალზე ვისაუბრებთ, RS5 აგრესიას ასხივებს — ის 90მმ-ით უფრო განიერია, ვიდრე სტანდარტული A5, წინა მხარეს კუთხეები უფრო გამოკვეთილია და ცხაურა რომბებითაა დასვრეტილი. უკანა მხარეს ვხვდებით დიფუზორს ვერტიკალური ფარფლებითა და გიგანტური გამოსაბოლქვი მილებით.
ერთი სიტყვით, როგორც ჩანს, გერმანელმა ინჟინრებმა გულმოდგინედ იმუშავეს — აი, როგორი იქნება მოდელი პრაქტიკაში, ამას მიმდინარე წლის ბოლოს გავიგებთ.