მოიგე ოლიმპიური მედალი და მიიღე ახალი Toyota Corolla საჩუქრად
იტალიაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიური თამაშები დასასრულს უახლოვდება. სპორტსმენები, რომლებიც სპორტის სხვადასხვა სახეობაში — მათ შორის ჰოკეიში, ფიგურულ სრიალში, ბიატლონსა და ბობსლეიში — ასპარეზობენ, ერთმანეთს მთავარი პრიზის, ოქროს მედლის მოპოვებაში ეჯიბრებიან. დამატებით, ქვეყნების ნაწილმა გამარჯვებული სპორტსმენებისთვის ფულადი ჯილდოებიც დააწესა.
საკუთარი სპორტსმენების მიმართ განსაკუთრებით გულუხვი პოლონეთი აღმოჩნდა. როგორც ცნობილია, პოლონეთი ოქროს მედლის მფლობელებს $355 000-ის ოდენობის საპრიზო თანხას, ოროთახიან ბინასა და Toyota Corolla-ს გადასცემს.

2026 წლის Corolla Hybrid-ის ფასი პოლონეთში 33 650 აშშ დოლარია. ეს მოდელი აღჭურვილია ჰიბრიდული 1.8-ლიტრიანი ძრავით, რომელიც 138 ცხენის ძალას გამოსცემს. სედანი 0-დან 100 კმ/სთ-მდე 9.3 წამში ჩქარდება და 100 კილომეტრზე საშუალოდ 4.4 ლიტრ საწვავს მოიხმარს.
დამატებით, CNBC-ის ცნობით, პოლონელი სპორტსმენები მიიღებენ სამკაულებს, სიმბოლურ ნახატსა და დასასვენებელ ვაუჩერს. შესაბამისად, პოლონელ ათლეტებს წლევანდელ ოლიმპიადაზე, ოქროს მედლის გარდა, დამატებითი მოტივაციაც არ აკლიათ, თუმცა საინტერესოა, რამდენად გამოიყენებენ ამ შესაძლებლობას. ოლიმპიადა თითქმის დასრულდა და პოლონელთა ანგარიშზე ჯერჯერობით სულ 8 მედალია, თუმცა მათგან არცერთი არ არის ოქროსი.
ცნობისთვის, ოლიმპიელებისთვის ფულადი ჯილდოები სხვა ქვეყნებმაც გამოყვეს, მათ შორის ყველაზე მეტი — სინგაპურმა და ჰონგ-კონგმა (თითოეულმა $750 000-ზე მეტი). ფულად ჯილდოებს მიიღებენ ქართველი სპორტსმენებიც: ოქროსთვის — 1 მილიონი ლარის, ვერცხლისთვის — 500 000 ლარის, ხოლო ბრინჯაოსთვის — 300 000 ლარის ოდენობით.