ლამბორგინი რევუელტო, მენსორი, ტუნინგი, ვი 12, დუბაის პოლიცია, ლამბორჯინი
Aa
Aa

დუბაის პოლიციის ახალი სათამაშო Mansory-სგან — Lamborghini Revuelto

უკვე დიდი ხანია მივეჩვიეთ ფაქტს, რომ დუბაის პოლიციისგან გაქცევას ავტომობილით არ უნდა ვეცადოთ, რადგან ამას რითაც არ უნდა ვაკეთებდეთ, რაღაც უფრო სწრაფი მათ ავტოპარკში ყოველთვის მოიძებნება. სულ რაღაც 2 თვის წინ, პოლიციამ Mansory-ს მიერ დატუნინგებული Ferrari Purosangue შეიძინა, ამჯერად კი ამავე ტუნერს უნიკალური Lamborghini-ს შესაძენად მიმართა.

მცირე ხნის წინ, Mansory-მ თავისი მორიგი დიდებული ნამუშევარი, Lamborghini Revuelto Carbonado X წარმოადგინა. ერთადერთ ეგზემპლარად შექმნილ მოდელს სრულად ნაჭედი, ნახშირბადის ბოჭკოს კორპუსი აქვს — ასევე, ახალი პანელები და გაუმჯობესებული ძალური აგრეგატი. დუბაის პოლიციის მიერ შეძენილი Revuelto მთლად Carbonado X-ვით ექსტრემალური არ არის, თუმცა სტანდარტულ ავტომობილთან შედარებით, მაინც ნამდვილი მონსტრია. 


პოლიციის მანქანის განახლებულ, ნახშირბადის ბოჭკოს ელემენტების მქონე კაპოტზე Mansory-ს პატარა, მანათობელ ემბლებას ვხედავთ. ტუნერმა მოდელს ნაჭედი ნახშირბადისგან შექმნილი ახალი სპლიტერი და აეროდინამიკური ელემენტებიც დაამატა. 

Revuelto-ს კორპუსში შესული ცვლილებები მოიცავს წინა ბორბლებთან განლაგებულ ნახშირბადის ფარფლებს, უკანა ხედვის გვერდითა სარკეების დამცავებსა და სპეციალურად მოდელისთვის შექმნილ დისკებს მბზინავი შავი ქიმებით, წითელი ცენტრითა და ამავე ფერის სუპორტებით.

რაც შეეხება ვიზუალური ცვლილებების მიღმა არსებულ განსხვავებებს, ცნობები არ გვაქვს პერფორმანსის მიმართულებით განხორციელებულ სამუშაოებზე, ამიტომ ვივარაუდებთ, რომ Revuelto-ს თავისი სტანდარტული ძალური აგრეგატი შეუნარჩუნდა — Lamborghini-ს ქმნილების 6.5-ლიტრიანი V12, სამ ელექტროძრავასთან ერთად, 1001 ცხ.ძ-ს გამოიმუშავებს და 100 კმ/სთ-მდე, სულ რაღაც, 2.5 წამში ჩქარდება. 

ერთი სიტყვით, ეს შესანიშნავი მანქანაა იმ პოლიციისათვის, რომლის ავტოპარკსაც ძვირადღირებული ავტოშოუს ელფერი უფრო დაჰკრავს... 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები