Tesla-ს მოთხოვნა $243 მილიონის კომპენსაციის გაუქმებაზე სასამართლომ არ დააკმაყოფილა
სასამართლოს წინაშე საკუთარი სრულიად თვითმართვადი ავტომობილებისა და ავტოპილოტის სისტემის დაცვას Tesla ბოლო წლებში თითქოსდა მიეჩვია. განხილვების ნაწილი გარიგებით დასრულდა, ნაწილი კი კვლავ მიმდინარეობს. ერთ-ერთი მათგანი გასულ წელს მომხდარ ფატალურ ავტოსაგზაო ინციდენტს უკავშირდება, რომლის გამოც ავტომწარმოებელს $243 მილიონის ოდენობის კომპენსაცია დაეკისრა.
განაჩენის გასაჩივრება Tesla-მ სცადა, თუმცა მოსამართლემ კომპანიის განაცხადი არ დააკმაყოფილა და ნაფიცი მსაჯულების დასკვნა ძალში დატოვა. ამ შემთხვევაში Tesla ნაფიცი მსაჯულების მიერ დადგენილი კომპენსაციის ზომის შემცირებას ან სრულად გაუქმებას მოითხოვდა.

Reuters-ის ცნობით, რაიონულმა მოსამართლემ, ბეთ ბლუმმა, უარყო Tesla-ს მოთხოვნა და განაცხადა, რომ პროცესზე წარმოდგენილი მტკიცებულებები განაჩენის მართებულობას ადასტურებს, კომპანიამ კი ვერ წარმოადგინა რაიმე ახალი არგუმენტი, რომელიც გადაწყვეტილებას შეაცვლევინებდათ.
საინტერესოა, რომ ამ საქმეში Tesla-ს მძღოლმა დანაშაული ნაწილობრივ აღიარა და თქვა, რომ ძირს დავარდნილ მობილურს ეძებდა მაშინ, როდესაც მანქანა გზიდან გადავიდა და სხვა ავტომობილს შეეჯახა. შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. თუმცა მძღოლმა ისიც აღნიშნა, რომ მას ჰქონდა მოლოდინი, რომ დაბრკოლების შემთხვევაში Tesla-ს ელექტრომობილი ავტომატურად დაამუხრუჭებდა.

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ავარიაში Tesla-ს 33%-იანი პასუხისმგებლობა დააკისრა. კომპანიის მიერ გადასახდელი თანხა ერთ-ერთი მსხვერპლის ოჯახისთვის $23.1 მილიონით, ხოლო მეორე დაზარალებულისთვის $19.5 მილიონით განისაზღვრა. ამას დაემატა $200 მილიონამდე სადამსჯელო ზიანის ანაზღაურება, რომელიც მხარეებს შორის უნდა განაწილდეს.
Tesla-ს მტკიცებით, ავარიაში დამნაშავე მხოლოდ მძღოლი იყო. კომპანია ამტკიცებდა, რომ ავტომწარმოებლები „არ აზღვევენ მსოფლიოს უგუნური მძღოლების მიერ გამოწვეული ზიანისგან“ და სადამსჯელო ზიანი ნულის ტოლი უნდა იყოს. გამომდინარე აქედან, მოსალოდნელია, რომ Tesla გადაწყვეტილებას კვლავ გაასაჩივრებს.