აუქციონი, ფერარი ლაფერარი, სამხედრო ტექნიკა, სინგერი, ტანკი
Aa
Aa

Bring a Trailer-ის აუქციონის წლის ყველაზე პოპულარული ეგზემპლარი ტანკია

იქამდე, სანამ Bring a Trailer-ი დიდი ავტომწარმოებლების საყვარელი ადგილი გახდებოდა ეგზოტიკური მოდელების გასაყიდად, აუქციონი უამრავ უცნაურ ქმნილებას, იშვიად კლასიკასა და ენთუზიასტების ავტომობილებს ყიდდა. ეს დრო წარსულში დარჩა, თუმცა გასულ წელს აუქციონზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი უცნაურობა მაინც დაფიქსირდა.

სატრანსპორტო საშუალება, რომელიც Bring a Trailer-ზე გაიყიდა, მზიან დღეს ქუჩებში სასეირნოდ არ შექმნილა — ეს Leyland FV4201 Chieftain-ია — ბრიტანული წარმოების ტანკი, რომლის განცხადებამაც 160 000 ნახვა და 423 კომენტარი დააგროვა, სანამ საბოლოოდ, 107 000$-ად გაიყიდებოდა.  


FV4201 Chieftain-ი გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში 1960-იანი წლების ბოლოდან 1990-იან წლებამდე ირიცხებოდა. აუქციონზე გამოტანილი მოდელი ზეთისხილისფერი მწვანისა და შავი ფერების კომბინაციითაა გაფორმებული და მისი 120მმ-იანი ქვემეხი აბსოლუტურად ფუნქციურია. სრულად გამართულია ტანკის კაბინაც, რომელიც 4 ადამიანს იტევს. ცხადია, მყიდველს Chieftan-ის ქუჩაში ტარების უფლება არ ექნება, თუმცა, ალბათ, მისი შეძენა მაინც უღირდა, რადგან საკმაოდ დიდი თანხა გადაიხადა. 

გაგეცინებათ და Bring a Trailer-ის 2025 წლის მე-2 ყველაზე ნახვადი განცხადების მთავარი გმირიც ტანკი იყო — 1962 წლის Centurion MK13, რომელიც ცნობილმა იუთუბერმა, ვესტენ ჩამპლინმა 130 000$-ად იყიდა. 

BaT-ის პოპულარული ავტომობილები

რაც შეეხებათ ავტომობილებს, აუქციონის აუდიტორიას განსაკუთრებით კარგ მდგომარეობაში მყოფი Acura-ები და Singer-ის მიერ დატუნინგებული Porsche-ები აინტერესებს. მე-3 ყველაზე ნახვადი განცხადება სწორედ Singer DLS-ს შეეხებოდა, რომელიც 3 მილიონ დოლარად გაიყიდა. 

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოდელი 2001 წლის Acura Integra Type R გახდა, რომელიც ათასობით ადამიანმა ნახა, 554 კომენტარი დაიწერა და, საბოლოოდ, გამარჯვებული 204 204 დოლარად მანქანას დაეპატრონა. აუქციონის ყველაზე ძვირად გაყიდული მოდელი 2014 წლის Ferrari LaFerrari გახდა — ის 4 475 000 დოლარად გაიყიდა და ოდნავ აჯობა 4 მილიონად გაყიდულ 2022 წლის Bugatti Chiron Super Sport-ს. 

2025 წელი, გარდა საინტერესო ეგზემპლარებისა, Bring a Trailer-ისთვის წარმატებული იყო ფინანსურადაც — აუქციონმა ჯამურად 1.7 მილიარდი დოლარის ღირებულების სატრანსპორტო საშუალებები გაყიდა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები