აუქციონი, იშვიათი ავტომობილები, ტუნინგი, ლინკოლნი, ლინკოლნ კონტინენტალი, ლოურაიდერი
Aa
Aa

ტუნინგი 1970-იანი წლებიდან — იხილეთ Lincoln Continental-ი გრანიტის სალონით

ტუნერებს ჩვენი გაოცება თითქმის ყოველ ჯერზე გამოსდით — ეს ერთ-ერთი ასეთი შემთხვევაა: მომავალ თვეში აშშ-ში აუქციონზე 1973 წლის Lincoln Continental Mark IV Bugazzi გამოჩნდება — ამერიკული კლასიკის კალიფორნიაში გადაკეთებული ვერსია, რომელიც სტანდარტულზე მძიმეა...

ავტომობილის თეატრალური დიზაინი კომპანია Hollywood Coach Builders-ის შემოქმედებაა. არსებული ინფორმაციით, ტუნერებმა აღნიშნული მოდელის 12 ერთეული შექმნეს, რომელთაგანაც დღემდე მხოლოდ 2-მა მოაღწია. ამ ექსტერიერის მისაღებად, ბრენდმა თავის დროზე კორპუსის პანელები სრულად შეცვალა.


ავტომობილის ცხვირზე მიმაგრებული ქრომირებული ცხაურა Rolls-Royce-ისას უფრო ჰგავს, ვიდრე დეტროიტული პროდუქტისას. ამას მრგვალი მაშუქები ემატება, რომელიც ასევე ქრომირებულ ჩარჩოებში ღრმადაა ჩაფლული — ქრომი სჭარბობს ბამპერშიც, რომელზე წინაც ავტომობილის წინა ფრთებია გადმოშვერილი.

შეამჩნევდით, რომ დადაბლებულია დაკიდებაც — „ლოურაიდერის“ სტილს კი თეთრკედლიანი საბურავები და ვერცხლისფერი დისკები ძალიან უხდება. 

ასეთივე გიჟურია Lincoln-ის უკანა მხარეც, რომელიც განახლებულ სახურავს, გადაკეთებულ უკანა პანელებსა და საბარგულის სახურავს მოიცავს. 

გრანიტის ინტერიერი

ყველაზე უცნაური ამ კონტინენტალში მისი ინტერიერია: ყურადღების ცენტრში აქ გრანიტის (დიახ, ნამდვილი გრანიტის) დიდი ფილები ექცევა, რომლითაც კარის პანელები, უკანა კონსოლი და სხვა დეტალებია გაფორმებული. 

მკვეთრი დამუხრუჭების შემთხვევაში, ეს გრანიტი, სავარაუდოდ, კაბინაში ყველაზე უძრავ მგზავრად დარჩება, თუმცა მაინცდამაინც უსაფრთხო, წესით, არ უნდა იყოს...  

რაც შეეხება სხვა ცვლილებებს — სტანდარტული სავარძლები და ხელსაწყოთა პანელი აქ ხელნაკეთმა დეტალებმა ჩაანაცვლა... 


საინტერესოა ტექნიკური დეტალებიც — ავტომობილის სიმძლავრის წყარო 7.5-ლიტრიანი V8 ძრავია, რომელიც C6 Chevy Corvette-ისგან „ნასესხებ“ ავტომატურ გადაცემათა კოლოფთანაა დაკავშირებული. 

რთულია ვივარაუდოთ, თუ რამდენად გაიყიდება ეს იშვიათი ქმნილება, თუმცა ეჭვგარეშეა, რომ Mecum-ის აუქციონის მომხმარებელთა ყურადღებას ნამდვილად მიიპყრობს. თუ დაინტერესდით, შეგიძლიათ განცხადებას თვალი თავადაც მიადევნოთ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები