Tesla-ს გაყიდვები ევროპულ ბაზარზე ზედიზედ მე-13 თვეა მცირდება
2026 წლის გახსნით თვეს ახალი ავტომობილების ევროპულ ბაზარზე ტრიუმფალურს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. იანვარში ევროკავშირში, დიდ ბრიტანეთსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) ქვეყნებში დარეგისტრირებულ ავტომობილთა რიცხვი გასულ წელთან შედარებით, 3.5%-ით შემცირდა და 961 382 ერთეული შეადგინა. ამ არცთუ ნათელ სტატისტიკაში ერთი ისეთი ბრენდი მაინც იმალება, რომელსაც ბედნიერების მიზეზი აქვს.
და ეს ბრენდი Tesla არ არის... რეგიონში ამერიკული ავტომწარმოებლის მიერ იანვარში გაყიდული ავტომობილების რიცხვი 17%-ით დაეცა და სულ 8075 ერთეული შეადგინა. შედეგად, ელექტრომობილების ამერიკული გიგანტის წილი ბაზრის 0.8%-მდე შემცირდა. გარდა ამისა, Tesla-მ გაყიდვებში ვარდნა ზედიზედ მე-13 თვეში დააფიქსირა, რაც ნიშნავს, რომ ეს რეგრესი კონტექსტიდან ამოვარდნილი და მოკლევადიანი არ არის. 
რაც შეეხება იმ ბრენდს, რომელზეც დასაწყისში მოგახსენეთ — ეს ჩინური BYD-ია, რომელმაც ელექტრომობილებისა და ჰიბრიდების კომბინაციით გასული წლის იანვართან შედარებით 165%-იანი ზრდა დააფიქსირა და რეგიონში 18 242 მანქანა გაყიდა. ახლა ჩინური გიგანტის წილი ბაზრის 1.9%-ს შეადგენს, რაც ტესლასთვის კარგი ამბავი არ უნდა იყოს.
Dacia-ს დაცემა
რა თქმა უნდა, Tesla ერთადერთი ბრენდი არ ყოფილა, რომლისთვისაც იანვარი რთულად წარიმართა. საუკეთესო თვე არ ჰქონდა Renault Group-საც — კერძოდ, კორპორაციის გაყიდვები 15%-ით, 83 201 ერთეულამდე დაეცა — აქედან საკუთრივ Renault-ის ვარდნამ 4.4% შეადგინა, თუმცა ძალიან მძიმე დარტყმა მიიღო ჯგუფში შემავალმა Dacia-მ, რომელმაც 2026 წლის იანვარში, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 35%-ით ნაკლები ავტომობილი გაყიდა.
ზარალის გარეშე არც გიგანტები დარჩენილან — BMW-მ 8.7%-იანი კლება დააფიქსირა, ხოლო Volkswagen-მა — 11.2%. 
საინტერესოა ძალური აგრეგატის ტენდენციებიც — ელექტრიფიკაცია ბაზარს თანდათან ეტყობა... ელექტრომობილების გაყიდვები 13.9%-ით გაიზარდა, ხოლო დამუხტვადი ჰიბრიდების 32.2%-ით. პარალელურად, ევროპაში 25.7%-ით ნაკლები ბენზინზე მომუშავე მანქანა გაიყიდა.
ასეა თუ ისე, ამჟამად ევროპაში გაყიდული ყოველი მე-5 მანქანა ელექტრომობილია და ამ ელექტრომობილების სეგმენტში BYD თანდათან დომინანტად ყალიბდება.