მერსედესი, სტელანტისი, ბიემვი მეშვიდე სერია, ბმვ 7 სერია, ავტონომიური მართვის სისტემა
Aa
Aa

BMW-ის მე-7 სერია მესამე დონის ავტონომიური მართვის სისტემას აღარ გამოიყენებს | მიზეზი

2027 წლის განახლებულ მეშვიდე სერიის ავტომობილებში გერმანული კომპანია მე-3 დონის ავტონომიური მართვის სისტემის ნაცვლად, შედარებით ხელმისაწვდომ და გამარტივებულ მეორე დონის კონფიგურაციას გამოიყენებს. თუმცა საინტერესო ისაა, რომ ამ მიმართულებით BMW არც პირველია და არც უკანასკნელი, რადგან მაშინ, როდესაც Tesla სრული ავტონომიურობისკენ ისწრაფვის, Stellantis-ი და Mercedes-იც მსგავს ნაბიჯებს დგამენ.

ამჟამინდელი მეშვიდე სერიის განახლებულ ვერსიას, რომელიც, სავარაუდოდ, Neue Klasse-ს დიზაინით იქნება შთაგონებული, წესით აპრილში ვიხილავთ. განახლების მიუხედავად კი, როგორც გითხარით, მოდელი არსებულ „პერსონალური პილოტის L3“ სისტემას დაკარგავს, რომელიც მეორე დონის ახალი სისტემით ჩანაცვლდება. ეს უკანასკნელი Neue Klasse ტექნოლოგიური პლატფორმიდანაა წარმოებული და ის მეორე თაობის iX3-ში უკვე ვიხილეთ.

მიზეზი ძალიან მარტივია: ხარჯები. Auto News-ის ინფორმაციით, მესამე დონის სისტემა უფრო რთულ და ძვირადღირებულ LiDAR სენსორებს იყენებს, მაღალი ხარისხის გამოთვლით მოწყობილობებთან ერთად. დამატებით, მის გაშვებას უსაფრთხოების შედარებით მკაცრი სერტიფიცირების გავლა უწევს და ავტოპარკის უწყვეტ მონიტორინგსაც მოითხოვს. გასაკვირი არაა, რატომ ჯდება ამ სისტემის მეშვიდე სერიაში დამატება 6 000 ევრომდე.

ამის სანაცვლოდ კი, 2027 წლის BMW 7-სერიის გამოსვლისთვის, მეორე დონის ავტონომიური მართვის სისტემის დამატება 1 450 ევრო ეღირება. მე-2 დონის არჩევით BMW მარეგულირებელი დოკუმენტაციის ლაბირინთისგან თავის დახსნასაც ბევრად მარტივად შეძლებს.

მსგავს მიდგომას მიმართავს Stellantis-იც, რომელმაც მიზეზად მაღალი ხარჯი დაასახელა. ასევე Mercedes-Benz-იც, მიუხედავად იმისა, რომ ის ერთ-ერთი პირველი ავტომწარმოებელი იყო, რომელმაც მე-3 დონის სისტემისთვის 2021 წლის დეკემბერში მარეგულირებლის თანხმობა მიიღო. ახალ CLA-ში კომპანია MB.Drive Assist Pro-ს მეშვეობით მე-2 დონის Plus Plus-ს შემოგვთავაზებს, რომელიც ჯერ ჩინეთში, შემდეგ კი აშშ-ში გამოვა.

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ Mercedes-ი თავის ავტომობილებში მესამე და მაღალი დონის ავტონომიური მართვის სისტემებზე უარს არ ამბობს. კომპანია ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს და, როგორც გასულ წელს გაირკვა, ახალ S-Class-ში, Nvidia-სთან პარტნიორობით, მე-4 დონის სისტემასაც ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები