დაკარის რალის ტრიუმფს Dacia-მ სპეციალური გამოშვების Duster-ი მიუძღვნა
2026 წლის დაკარის რალიზე დომინანტური პერფორმანსის შემდეგ, Dacia-მ შეზღუდული გამოშვების მოდელი აეწყო, რომელიც ამ ტრიუმფს მიეძღვნებოდა — შედეგად უახლესი Duster Spirit of Sand-ი მივიღეთ. სრულად ამძრავი ჰიბრიდული მოდელი, რომელიც რალიზე გამოსული ავტომობილივითაა შეღებილი, აღჭურვილია დამატებითი დამცავი საშუალებებით და ორი ტიპის საწვავზე მუშაობს.
„ქვიშის სული“ ფლაგმანის Extreme კომპლექტაციას მოიცავს, თუმცა, როგორც აღინიშნა, მისი ექსტერიერის ქვედა ნაწილი უნიკალური პრინტითაა გაფორმებული. თუ (ძალიან) შორიდან მის 17-დუიმიან დისკებსა და ყავისფერნარევ კორპუსს შეხედავთ, იფიქრებთ, რომ მანქანამ უგზოობიდან ტრასაზე ახლახან გამოაღწია და ტალახი ჯერ ისევ ზედ აქვს შერჩენილი.

მეტიც, ეს Duster-ი 6მმ-იანი დურალუმინის „ფარითაცაა“ აღჭურვილი, რომელიც დაზიანებისგან მის ძრავასა და გადაცემათა კოლოფს იცავს. სტანდარტულ Duster Extreme-ზე ეს არჩევითი ფუფუნებაა, თუმცა აქ ის ავტომატურად გერგებათ. შესაძლოა ეს შედეგი 2024 წლის Soul of Dakar პროტოტიპივით დაკუნთული ვერ არის, თუმცა შესაძლებლობები მასაც არ აკლია. რუმინულ ბაზარზე შეძლებთ, მოდელს სახურავის საბარგული, დამატებითი LED-ები, BFGoodrich-ის ყველანაირი საფარის საბურავი და 30მმ-ით ამაღლებული კლირენსი დაამატოთ... 
ინტერიერში რაიმე განსაკუთრებული გაფორმება არ გვხვდება, თუმცა ყველაფერს, რაც Extreme კონფიგურაციაში მოიძებნება, აქაც იპოვით: 10.1-დუიმიანი მულტიმედიის ეკრანი, ჰაერის ავტომატური კონდიცირება, სავარძლებისა და საჭის გათბობა, Multiview კამერა და პარკინგის სენსორები. უდაბნოთი ინსპირირებული Duster-ი მოიცავს ადაპტურ კრუიზ კონტროლსა და ბრმა წერტილების შემჩნევის სისტემასაც.
Spirit of Sand-ი Hybrid-G 150 4x4 სისტემას ეყრდნობა, რომელიც მაილდ-ჰიბრიდულ, ტურბინიან, 1.2-ლიტრიან ძრავას ელექტროძრავასთან, 48V ბატარეასთან და 6-სიჩქარიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან აკავშირებს. Dacia-ს ცნობით, ჯამურად სისტემა 152 ცხ.ძ-ს გამოიმუშავებს. 
ჰიბრიდული სისტემის ეფექტიანობისა და ორი 50-ლიტრიანი ავზის (ბენზინისა და თხევადი გაზისთვის) წყალობით, SUV-ს 1500 კმ-ის გავლა შეუძლია. ევროპულ გზებზე Dacia Duster Spirit-ი იშვიათობა იქნება, რადგან კომპანია რუმინული ბაზრისთვის მხოლოდ 500 ერთეულის წარმოებას გეგმავს. სპეციალური გამოშვების მოდელი არც ისე ძვირი იქნება და სულ 34 200$ ეღირება. მიწოდება მიმდინარე წლის აპრილიდან დაიწყება.