ფორდი, ლინკოლნი, დამუხტვადი ჰიბრიდი, ქროსოვერი, ფორდ ისქეიფი, ლინკოლნ კორსეარი
Aa
Aa

Ford-ი უკან დამატებით 24 690 ქროსოვერს გაიწვევს

ჯერ მარტიც არ დამდგარა, თუმცა Ford-მა უკან უკვე იმაზე მეტი ავტომობილი გაიწვია, ვიდრე Hyundai-მ და General Motors-მა ერთად... ამჯერად ამერიკული ავტომწარმოებელი ამ „უპირატესობის“ განმტკიცებას ახალი გაწვევით ეცდება, რომელიც 24 690 ქროსოვერს მოიცავს, მათ შორის 2023-2025 წლების Escape-ის დამუხტვად ჰიბრიდულ ვერსიებსა და 2023-2026 წლების Lincoln Corsair-ს. 

აშშ-ის საგზაო უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, შესაძლოა, ქროსოვერების ბატარეას ქარხნული დეფექტი ჰქონდეს, რომელიც მოკლე ჩართვასა და მის მწყობრიდან გამოსვლას გამოიწვვევს. თუ ეს მოხდება, ავტომობილი გადაადგილებისას სიმძლავრეს დაკარგავს, ცუდ შემთხვევაში კი აალებაც არაა გამორიცხული.

ეს საკმაოდ სახიფათო კომბინაციაა, თუმცა ხარვეზი უკვე კარგადაა გამოკვლეული, რადგან Ford-მა წარსულში ამ საკითხზე გაწვევა ორჯერ უკვე გამოაცხადა. ეს უკანასკნელიც წინას გაგრძელებაა — ჯამურად, აღნიშნულმა ხარვეზმა 61 526 ავტომობილის სერვის ცენტრში დაბრუნება გამოიწვია. 

ხარვეზი წარმოების პროცესში ბატარეის მომწოდებლის, Samsung SDI-ის, მიერ დაშვებულ შეცდომას ბრალდება, რომლის შედეგადაც ცალკეული ელემენტის გამყოფ ფენაში მიკროდეფექტები გაჩნდა — ამან შესაძლოა სეპარატორის დაზიანება გამოიწვიოს. Ford-ის მტკიცებით, გაწვეული ავტომობილებიდან აღნიშნული ხარვეზი, მაქსიმუმ, 1%-ში შეიძლება დაფიქსირდეს. 

მიუხედავად იმისა, რომ შესაკეთებელი მოდელების რიცხვი დიდი არ იქნება, Ford-ს მისი გადაწყვეტის გზა ამ მომენტამდე არ აქვს (სავარაუდოდ, ბატარეები გამოიცვლება), შესაბამისად, კომპანია მოუწოდებს მძღოლებს, ელემენტი 80%-ზე მეტად არ დამუხტონ.

წერილები მძღოლებს მომავალი თვიდან გაეგზავნებათ და ინსტრუქციებს მას შემდეგ მიიღებენ, რაც „ლურჯ ოვალში“ პრობლემის გადაჭრის გზას მოიფიქრებენ — ამ ეტაპზე, სადილეროებს ამ მოდელების შემორჩენილი რაოდენობის გაყიდვა აეკრძალათ. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები