ჩინეთის წლის საუკეთესო მოდელად დასახელებული Audi E5-ის გაყიდვები კატასტროფულია | მიზეზები
როცა Audi-მ გადაწყვიტა, ჩინურ ბაზარზე შესულიყო და იქ განსხვავებული დიზაინის მქონე მოდელები ეწარმოებინა, ეს გაბედულ და საინტერესო ნაბიჯად ჩაითვალა. მას შემდეგ დიდი დრო არ გასულა, თუმცა ყველაფერი პროგნოზების შესაბამისად არ წასულა — ახლა გერმანული ავტომწარმოებელი ჩინელი მომხმარებლის მოზიდვას დიდი ფასდაკლებებით ცდილობს, რადგან გაყიდვების საქმე საშინლად მიდის.
E5 Sportback-ის, Audi-სა და SAIC-ის პირველი ერთობლივი მოდელის მიწოდება 2025 წლის აგვისტოში დაიწყო — ფასი 34 300$-დან 46 600$-მდე მერყეობდა (კომპლექტაციის მიხედვით). ქაღალდზე ავტომობილი თითქმის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებდა და ჰქონდა პოტენციალი, თავი შეეყვარებინა ჩინელი მძღოლებისთვის, რომლებიც ტრადიციულად უპირატესობას ადგილობრივ ბრენდებს ანიჭებენ და დასავლურ მდიდრულ ავტომობილებს ნაკლებად ყიდულობენ — გერმანული ბრენდისთვის სამწუხაროდ, გეგმამ არ იმუშავა. 

გამოშვებიდან დღემდე E5 Sportback-ი სულ 7070-მა მძღოლმა მიიღო — 2026 წლის იანვარში კი ჩინურ ბაზარზე მხოლოდ 420 ერთეული E5 გაიყიდა. შესაბამისად, Car News China-ს ცნობით, ახლა Audi მოდელს 4370-დოლარიანი ფასდაკლებით ყიდის. ფინანსური შეღავათი მოიცავს 5-წლიან ლიზინგსაც 0%-ით, ან ამ ვადის 7 წლამდე გახანგრძლივებას ძალიან დაბალ პროცენტში.
რთულია, მოდელის წარუმატებლობა მის ფასს დავაბრალოთ — ის ოდნავ უფრო ძვირია, ვიდრე Zeekr 007 GT და ოდნავ იაფი, ვიდრე Xiaomi SU7 — მანქანა, რომელიც შარშან 250 000-მა ჩინელმა იყიდა. ეს დიდ კონკურენციაზე მიუთითებს იმ ბაზარზე, რომელსაც ახალი სედანების ნაკლებობა ნამდვილად არ აწუხებს. 
E5 მაინცდამაინც „ჩინური“ არც ტექნიკურადაა — ის 776 ცხ.ძ-ს გამოიმუშავებს და ერთი დამუხტვით 773 კილომეტრის გავლა შეუძლია. ასევე, მოდელი აღჭურვილია LiDAR სენსორებით, 3 რადარით, 11 კამერითა და 12 ულტრაბგერითი რადარით, ინტერიერში კი გიგანტურ, 59-დუიმიან მონიტორს ვხვდებით, რომელიც კაბინის ერთი მხრიდან მეორემდეა გადაჭიმული.
პარადოქსი
მიუხედავად ჩამოთვლილი „სიკეთეებისა“, როგორც აღინიშნა, E5 Sportback-მა ჩინელი მძღოლების გული ვერ მოიგო. თანაც, ეს პრობლემები ირონიულია იმის გათვალისწინებითაც, რომ გასული წლის სექტემბერში, გერმანული ავტომწარმოებლის მტკიცებით, კომპანიამ 30 წუთში 10 000 წინასწარი შეკვეთა მიიღო... მეტიც, მოდელი მცირე ხნის წინ ჩინეთის წლის საუკეთესო ავტომობილად დასახელდა. 
ფასდაკლება 31 მარტამდე გაგრძელდება, თუმცა, სავარაუდოდ, Audi მას გააგრძელებს, რადგან ჯერჯერობით გაყიდვებს გამოსწორებისა არაფერი ეტყობა. საბოლოოდ კი უნდა აღინიშნოს, რომ Audi ერთადერთი დასავლური ბრენდი არ არის, რომელსაც ჩინურ ბაზარზე ყურადღების მიქცევა გაუჭირდა — ანალოგიური ზომების მიღება წარსულში BMW-სა და Mercedes-საც მოუწიათ.