სუპერქარები, ასტონ მარტინი, თანამშრომელთა შემცირება, ასტონ მარტინ ვალჰალა, ფინანსური პრობლემები
Aa
Aa

ფინანსური პრობლემების გამო, Aston Martin-ი დასაქმებულთა 20%-ს ემშვიდობება

Aston Martin-ი ყოველთვის საავტომობილო თეატრალურობას ყიდდა, ახლა კი ნამდვილი დრამა ბრენდის საფინანსო დეპარტამენტში ტრიალებს. ბრიტანულმა ავტომწარმოებელმა მცირე ხნის წინ დაადასტურა, რომ სამუშაო ძალის 20%-ს ემშვიდობება მას შემდეგ, რაც 2025 წელი ფინანსური ზარალით დაიხურა. 

ლეგენდარული მარკის შემოსავალი გასულ წელს 21%-ით დაეცა და 1.7 მილიარდ დოლარამდე ჩამოვიდა. ოპერაციული ზარალი კი 134.3 მილიონი დოლარიდან, 161%-ით, 350.4 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. ჯამურად, წელიწადში Aston Martin-მა 665.6 მილიონი დოლარი დაკარგა. 

ცხადია, შემცირებულია აწყობილი ავტომობილების რაოდენობაც — ორი წლის წინ ბრენდი 6 600 მანქანას აწყობდა, 2025 წელს კი 10%-ით ნაკლები — 5 448 ერთეული შექმნა. 

ტარიფების პრობლემა

„გეოპოლიტიკური გაურკვევლობების უპრეცედენტო რაოდენობამ და მაკროეკონომიკურმა წნეხმა, მათ შორის, აშშ-სა და ჩინეთში გაზრდილმა ტარიფებმა ჩვენს პერფორმანსზე მძიმედ იმოქმედა“, — განაცხადა Aston Martin-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ადრიან ჰალმარკმა. 

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ულამაზესი, მდიდრული სუპერქარების აწყობა ცალკე მდგომი კომპანიისთვის, რომელიც დიდი კორპორაციის შვილობილი არ არის, ძალიან რთულია — სავაჭრო ომი კი ამ მდგომარეობას ხელს ნამდვილად არ უწყობს.

აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიერ დაწესებული ტარიფები იმდენად მძიმე იყო, რომ კომპანიამ ატლანტის ოკეანის გადაღმა ავტომობილების გაგზავნაც კი შეწყვიტა, თუმცა მოგვიანებით გაერთიანებული სამეფოს პრემიერმა შეძლო შეთანხმების მიღწევა აშშ-ის პრეზიდენტთან. 

რაც შეეხება ჩინეთს, აქ ულტრა-მდიდრული ბაზარი მეტ-ნაკლებად გაცივდა, განსაკუთრებით კი დასავლური ბრენდების მიმართ... აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში გაყიდული მოდელების რაოდენობა 21%-ით შემცირდა, რაც ცხადყოფს, თუ რამდენად მყიფეა მოთხოვნა მდიდრული ავტომობილების სეგმენტში. 

ელექტრომობილები მოიცდიან

კატასტროფის თავიდან ასარიდებლად, კომპანიაში რკინის ხელით მართვა გადაწყვიტეს — შესაბამისად, ბარგის ჩალაგება ყოველ მე-5 დასაქმებულს მოუწევს, რითაც Aston Martin-ი 54 მილიონ დოლარს დაზოგავს. გარდა ამისა, დამატებით 20 მილიონის გამოთავისუფლებას კომპანია რესტრუქტურიზაციის სხვა ოპერაციებით გეგმავს. 

ამავდროულად, ოდნავ გადაიდება ელექტრიფიკაციის გეგმები — ელექტრომობილების პროექტის გადადება ბრენდს 5-წლიანი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 400 მილიონ დოლარსაც დაუზოგავს. 

თუმცა არის კარგი ამბებიც — ჰიბრიდული სუპერქარი Valhalla-ს წარმოება ოფიციალურად დაიწყო, მე-4 კვარტალში კი 152 ერთეულის გაყიდვაც მოესწრო, რაც მშვენიერი სტარტია. 2026 წელს დამატებით 500 სუპერქარი გაიყიდება.

„2026 წელს ჩვენ ფინანსური პერფორმანსის მიმართულებით ხელშესახებ გაუმჯობესებას ველით“, — აცხადებს ჰალმარკი.

ჩვენც, ისღა დაგვრჩენია, რომ იმედი ბოლომდე შევინარჩუნოთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები