ელექტრომობილები, სტელანტისი, ფინანსური პრობლემები
Aa
Aa

Stellantis-ში 26-მილიარდიანი ზარალის შემდეგ აღიარეს, რომ ელექტრიფიკაცია ზედმეტად დააჩქარეს

Stellantis-მა 2025 წლის ფინანსური ანგარიშები გამოაქვეყნა — კომპანიამ 26.3 მილიარდ დოლარიანი დეფიციტი დააფიქსირა — ეს ტრანსატლანტიკური ჯგუფის ისტორიაში პირველი წლიური ზარალია. მონაცემები კიდევ უფრო დრამატულად მოგეჩვენებათ, თუ გეტყვით, რომ 2024 წელი კორპორაციამ 5.8-მილიარდიანი მოგებით დახურა, რაც 2023 წლის შემოსავალზე 70%-ით ნაკლები იყო. ერთი სიტყვით, სულ რაღაც 2 წელიწადში კომპანიის ფინანსები თავდაყირა დადგა. 

ჯგუფი, რომელიც 14 ბრენდს ფლობს — Abarth-ს, Alfa Romeo-ს, Chrysler-ს, Citroen-ს, Dodge-ს, DS Automobiles-ს, Fiat-ს, Jeep-ს, Lancia-ს, Maserati-ს, Opel-ს, Peugeot-ს, Ram-სა და Vauxhall-ს — ზარალს აბრალებს ფაქტს, რომ ელექტრომობილების პოპულარობასთან დაკავშირებული მოლოდინები გადაჭარბებულად დააფასა — ახლა კი ამ შეცდომის გამოსწორების დროა. 

ეს ისტორიის მხოლოდ ერთი ნაწილია — დამნაშავეები მხოლოდ ელექტრომობილებით არასაკმარისად დაინტერესებული მომხმარებლები არ არიან — Stellantis-ის ელექტრიფიკაცის პროექტს აშშ-ში საფასო პრობლემებიც ჰქონდა: ისეთი მოდელები, როგორებიც Dodge Charger Daytona EV და Jeep Wagoner S-ი არიან, ძვირადღირებული ელექტრომობილების სეგმენტში საკმარისად ფეხმოკიდებულები არ არიან საიმისოდ, რომ აქ დამკვიდრებულ მწარმოებლებს წინააღმდეგობა გაუწიონ. 

EV სტრატეგიის ცვლილებები

შესაბამისად, კომპანია დიდი ცვლილებების განხორციელებას გეგმავს — ეს ნიშნავს, რომ განვითარების სტადიაზე მყოფ არაერთ ელექტრომობილზე მუშაობა შეწყდება, განსაკუთრებით კი ეს იმ მოდელებს ეხებათ, რომლებიც აშშ-ის ბაზარზე უნდა გამოჩენილიყვნენ.

ცხადია, ძალისხმევას მიმართავენ შიგაწვისძრავიანი ავტომობილების წარმოებაზე, ყურადღების ცენტრში კი ასეთ დროს, პირველ რიგში HEMI V8 ძრავის დაბრუნების საკითხია. ევროპულ ბაზარზე, მოდელების ნაწილში დაბრუნდება მაილდ-ჰიბრიდული სისტემა და დიზელზე მომუშავე ძრავები (მაგალითად, Alfa Romeo Stelvio-სა და Giulia-ს მემკვიდრეებში).

მიუხედავად რთული წლისა, Stellantis-ში მომავალს იმედით უყურებენ:

„2025 წელს ჩვენ მიერ დაფიქსირებული მონაცემები ასახავს ენერგეტიკული გადასვლის გადაფასების უარყოფით შედეგებს და აუცილებლობას, რომ ჩვენი ბიზნესი მოვარგოთ ჩვენი კლიენტების არჩევანის თავისუფლებას, რათა მათ ჰქონდეთ შანსი, აირჩიონ ელექტრომობილს, ჰიბრიდულ ავტომობილსა და შიგაწვისძრავიან ვარიანტს შორის. წლის მეორე ნახევარში პროგრესის პოზიტიური ნიშნები ვიხილეთ, 2026 წელს კი ჩვენი ყურადღება წარსულის ნაპრალების ამოვსებასა და მომგებიანობის დაბრუნებას დაეთმობა", — განაცხადა Stellantis-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ანტონიო ფილოსამ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები