Subaru აალების საფრთხის გამო 70 000 ჰიბრიდს უკან გაიწვევს
Subaru-ს მძღოლებს, როგორც წესი, უგზოობა, კემპინგი და ღია ცის ქვეშ დროის გატარება მოსწონთ — ამჯერად, მათმა საყვარელმა ავტომწარმოებელმა 70 000 მძღოლს ურჩია, რომ ავტომობილი ღამით სწორედ ღია ცის ქვეშ დატოვონ, რათა მანქანა მოულოდნელად კოცონად არ იქცეს...
იაპონური ავტომწარმოებლის უკან გაწვევაში 69 153 ავტომობილი მოხვდა, რომელთაგანაც 17 446 ერთეული 2026 წლის Crosstrek Hybrid-ია, 51 707 კი 2026 წლის Forester Hybrid-ი. პრობლემა საწვავის ავზს უკავშირდება — კერძოდ, აშშ-ის საგზაო უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, თუ ავზი თითქმის სავსეა, შესაძლოა კონკრეტულ ტემპერატურაზე ბენზინი გაფართოვდეს, რაც წნევას გაზრდის და საწვავი ავზის ყელში მოხვდება, საიდანაც ჰერმეტულად არასაკმარისად დაცული თავსახურის „დამსახურებით“, გადმოღვრის შანსი არსებობს.
ცხადია, ეს ავტომობილის აალების შანსს ზრდის — ცხადია, რისკი საკმაოდ დაბალია, განსაკუთრებით კი ამ სეზონზე, რასაც სტატისტიკაც აჩვენებს — ჯერჯერობით ხანძრისა და ადამიანების დაზიანების ფაქტები არ დადასტურებულა. სანამ სადილეროები გაწვეული ავტომობილების მიღებას შეძლებენ, Subaru ურჩევს მომხმარებელს, რომ ავზი ნახევრამდე შეავსონ და მანქანა დახურულ სივრცეში არ დააპარკინგონ. 
პრობლემის გადაწყვეტა ახალი თავსახურია, გაუმჯობესებული მამჭიდროებელი შუასადებით, რომლის წარმოებაც კომპანიას მაინცდამაინც არ უნდა გაუჭირდეს — შესაბამისად, დაზარალებული მომხმარებლები Subaru-სგან შეტყობინებას მარტის ბოლოს მიიღებენ.
და ბოლოს, თუ 2026 წლის Subaru Crosstrek Hybrid-ის შეძენას გეგმავდით, თავს ამ გაწვევის გამო ნუ შეიკავებთ — ახალ მოდელებში აღნიშნული ხარვეზი წარმოებისთანავე იქნება აღმოფხვრილი.