ჰუმანოიდი რობოტი, ბიემვი, ავტოწარმოება, ბმვ
Aa
Aa

30 000 ავტომობილი 10 თვეში | BMW-ს წარმოებაში ჰუმანოიდი რობოტების გამოყენებას იწყებს

BMW ერთ-ერთი ბოლოა იმ ავტომწარმოებლებს შორის, რომელთაც თავიანთ ქარხნებში ჰუმანოიდი რობოტების ყოველდღიურ საქმიანობაში ჩართვა დაიწყეს. სამხრეთ კაროლინაში მდებარე ქარხანაში გერმანულმა ავტომწარმოებელმა საპილოტე პროექტი გასულ წელს დაიწყო, ახლა კი იმავეს განხორციელებას ლაიფციგის ქარხანაში გეგმავს.

„ფიზიკური AI-ის“ სახელით ცნობილი ჰუმანოიდი რობოტები გერმანულ ქარხანაში Hexagon-თან თანამშრომლობით განთავსდება. Hexagon-მა თავისი AEON-რობოტი გასული წლის ივნისში წარადგინა, რის შემდეგაც BMW-სთან ერთად ლაბორატორიულ ტესტირებებზე მუშაობა დაიწყო. თანამშრომლობის ფარგლებში კომპანიებმა AEON-ის რობოტები ლაიფციგის ქარხანაშიც გამოცადეს, რამაც გზა გაუხსნა შემდგომ საპილოტე ფაზას.

BMW-ს განცხადებით, საპილოტე პროექტი რობოტის მრავალფუნქციური გამოყენების ტესტირებაზეა ფოკუსირებული. გერმანული ავტომწარმოებლის ინფორმაციითვე, AEON-ი დეტალებისა და მაღალი ძაბვის აკუმულატორების ასაწყობად იქნება გამოყენებული.

უახლესი საპილოტე პროექტი გასული თვეების ტესტირებებს ეფუძნება, რომლის დროსაც კომპანიამ Figure AI-ის Figure 02 რობოტი გამოცადა. Figure 02 თითქმის 10 თვის განმავლობაში, კვირაში ხუთი დღე, ათსაათიან ცვლაში მუშაობდა და კომპანიას 30 000-ზე მეტი ერთეული X3 კროსოვერის წარმოებაში დაეხმარა.

BMW-ს განცხადებით, მუშაობის პროცესში რობოტმა შედუღების პროცესისთვის ლითონის ფირფიტის ნაწილები ზუსტი შესაბამისობით მოხსნა და განათავსა. ეს ამოცანა სიჩქარისა და სიზუსტის თვალსაზრისით განსაკუთრებით რთული შესასრულებელი და ფიზიკურად დამღლელია. Figure 02-მა 90 000-ზე მეტი კომპონენტის გადატანაში მიიღო მონაწილეობა და ჯამში 1 250 სამუშაო საათი დააგროვა.

როგორც ავტომწარმოებელი აღნიშნავს, საპილოტე ტესტირებებმა მათ რობოტების რეალურ დროში გამოცდის საშუალება მისცა და მათი სარგებლიანობაც უკეთ დაანახა. კომპანიამ ასევე განაცხადა, რომ მსგავს ჰუმანოიდ რობოტებს დიდი პოტენციალი აქვთ ისეთი დავალებების შესასრულებლად, რომლებიც დიდ ენერგიას მოითხოვს, ერთფეროვანია და, შესაძლოა, საფრთხის შემცველიც იყოს.

BMW-ს განცხადებით, ჰუმანოიდი რობოტების დამატების მიზანი არა თანამშრომელთა ჩანაცვლება, არამედ მათთვის სამუშაო პირობების შემსუბუქება და გაუმჯობესებაა. თუმცა კომპანიას ისიც არ დაუმალავს, რომ რობოტები წარმოების კონკურენტუნარიანობას მნიშვნელოვნად ზრდიან.

მსგავსი სიახლეები