პორშე, ტუნინგი, პორშე 928, გრან-ტურიზმო, რაფი
Aa
Aa

აუქციონზე სამხრეთკორეელი მილიარდერისთვის შექმნილი Porsche 928 იყიდება

Ruf-მა სახელი Porsche 911-ების ტუნინგით გაითქვა, შესაბამისად, ყოველ ჯერზე, როცა ამ ბრენდის პორშეზე ვსაუბრობთ, ვიცით, რომ რაღაც განსაკუთრებულთან გვაქვს საქმე. მიუხედავად ამისა, 1980-იან წლებში სამხრეთკორეელი მილიარდერისთვის შექმნილი პორშე, რომელიც აუქციონზე გამოჩნდა, მაინც გამორჩეულია. 

უკანაძრავიანი 911-ით დაწყების ნაცვლად, ეს პროექტი წინაძრავიანი Porsche 928-ით დაიწყო. მოდელი, რომელსაც 928R-ს უწოდებენ, ლი კუნ-ხიმ შეუკვეთა, Samsung Group-ის ყოფილმა თავმჯდომარემ. შესაბამისად, Ruf-მაც სტანდარტული 928 აიღო და ის გასაოცარ მოდელად აქცია... სხვათა შორის, ლეგენდარული გერმანული ავტომწარმოებლის ისტორიას ჩვენ ვიდეოც მივუძღვენით: 

 

კაპოტის ქვეშ 5-ლიტრიანი, ატმოსფერული V8 ძრავი იმალება, რომლის სიმძლავრეც ტუნერმა 360 ცხ.ძ-მდე, მაბრუნი მომენტი კი 480 ნიუტონამდე გაზარდა — სტანდარტულ ვერსიაში, მოდელი 316 ცხ.ძ-სა და 430 ნიუტონს გამოიმუშავებს. თავისი პერიოდის 911-ებისგან განსხვავებით, 928 გრან-ტურიზმოდ მიიჩნეოდა, შესაბამისად მოდელის გამომუშავებული სიმძლავრე მექანიკურის ნაცვლად, ბორბლებს ოთხსიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით მიეწოდება. 


გარდა ძრავის გაუმჯობესებისა, Ruf-მა 928R ალუმინის 19-დუიმიანი, ხუთქიმიანი დისკებითა და ნახშირბად-კერამიკული სამუხრუჭო დისკოთი აღჭურვა და შავადაც გადაღება. სალონიც, რომელშიც ბუნებრივი ტყავი სჭარბობს, შავი და წითელი ფერების სინთეზია. რაც შეეხება ტექნოლოგიებს, აქ ვხვდებით კრუიზ-კონტროლს, ელექტრო ლიუკსა და კლიმატ-კონტროლს — ფუნქციებს, რომლებიც 1980-იან წლებში პრემიუმ კლასს მიეკუთვნებოდა. 

აუქციონის განაცხადში ვკითხულობთ, რომ კორეელი ბიზნესმენის ავტოფარეხში პორშემ მრავალი წელი გაატარა, შემდეგ კი მისგან კვლავ Ruf-მა გამოისყიდა. ასაკის მიუხედავად, 928R-ს მხოლოდ 2510 კილომეტრი აქვს გავლილი, შესაბამისად, ნუ გაგიკვირდებათ, რომ მანქანის ფასი 400 000-დან 500 000 დოლარამდე იქნება. 


თუ დაინტერესდით, აუქციონისათვის თვალის მიდევნება ამ ბმულზე გადასვლით შეგეძლებათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები