ჰიპერქარი, ბუგატი, უნიკალური ავტომობილი, ბუგატი მისტრალი
Aa
Aa

W16 Mistral La Perle Rare | 1 600 ცხ.ძ-ის მქონე უნიკალური Bugatti

ექსკლუზიური ავტომობილები, წესით, უკვე აღარავის უკვირს, თუმცა Bugatti სწორედ ის ავტომწარმოებელია, რომელიც ჩვენს გაოცებას ყოველთვის ახერხებს. W16 Mistral La Perle Rare როდსტერის ბოლო ვერსიაა, რომელიც Bugatti-ს W16 ძრავის ეპოქის დასრულებისთვის პატივის მისაგებად შეიქმნა. ეს უნიკალური მოდელი მხოლოდ ერთი მესაკუთრისთვის დამზადდა, რომლის ვინაობაც ამ დრომდე უცნობი რჩება.

პროექტის იდეა 2023 წლის აგვისტოში, Pebble Beach Concours d'Elegance-ის დროს დაიბადა. ღონისძიებაზე ბრენდის ინდივიდუალიზაციის პროგრამის ხელმძღვანელმა, იაშა შტრაუბმა, გაიცნო პირი, რომელსაც არაჩვეულებრივი W16 Mistral-ის უნიკალურ ნივთად გადაქცევა სურდა. როგორც ამბობენ, ამ საუბრიდან დაიწყო ობსესიური შემოქმედებითი პროცესი, რა დროსაც ინჟინრები და გუნდის თითოეული წევრი ავტომობილის ყველა დეტალს დიდი ყურადღებით არჩევდა საბოლოო შედეგის მისაღებად.

საბოლოო შედეგი კი ორი ბრწყინვალე ფერის ნაზავში მივიღეთ. ზედა ნაწილში თეთრისა და ოქროსფერის კომბინაციაა გამოყენებული, რაც მას მარგალიტის ელფერს აძლევს. ქვედა ნაწილში კი კონტრასტი თბილი თეთრი ფერით ძლიერდება. თეთრსა და ოქროსფერს შორის გამყოფი ხაზი ხელითაა შესრულებული, რაც მოდელის შექმნის პროცესს უკიდურესად ართულებს.

სპეციალური საღებავი გამოიყენეს ალუმინის დისკებისთვისაც, რაც მარგალიტის ქრომატულ ეფექტს იმეორებს. ავტომობილის შემკვეთებს სურდათ, რომ ეს Bugatti ყველა კუთხიდან მარტივად აღქმადი და ყურადღების მიმქცევი ყოფილიყო. არანაკლებ გამორჩეულია ამ მოდელის ინტერიერი — თეთრად შეღებილი კარბონის კომპონენტებით დაწყებული, თბილი ტონალობის განათებებით დასრულებული.

თუმცა W16 Mistral-ში, წარმოუდგენლად დახვეწილი დიზაინის გარდა, ყოველთვის იპყრობს ყურადღებას მისი შესაძლებლობებიც. 16-ცილინდრიანი, 8-ლიტრიანი ძრავითა და ოთხი ტურბოჩარჯერით, ეს მოდელი 1 600 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ასეთი პოტენციალით, გასაკვირი არაა, რომ Bugatti 0-დან 100 კმ/სთ-მდე 2.5 წამში ჩქარდება და მაქსიმალურ სიჩქარეს — 450 კმ/სთ-ს აღწევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები