Skoda-მ Superb-ის განახლებული, ყველაზე მძლავრი ვერსია წარადგინა
Skoda-ში გადაწყვიტეს, რომ ფლაგმანი ცოტა უფრო დაკუნთულიც შეიძლება იყოს... ამის მისაღწევად კი დამუხტვადი ჰიბრიდული სისტემა გამოიყენეს — შესაბამისად, ახლა ეს ვერსია Skoda Superb-ის ხაზში პერფორმანსის მიმართულებით ყველაზე მძლავრია. ჯამური სიმძლავრე 268 ცხ.ძ-მდე გაიზარდა, თუმცა როგორც ყველაფერს, ამ სიახლესაც თავისი ფასი აქვს.
თუ მისი მიღება გინდათ, მოგიწევთ შეიძინოთ Sportline ან Laurin & Klement კომპლექტაციები. ჯერჯერობით ბოლო თაობის Superb-ი 2023 წლის ბოლოს გამოჩნდა და ის მძღოლებს ფართო არჩევანს სთავაზობდა — ბენზინი, დიზელი, მაილდ-ჰიბრიდი, დამუხტვადი ჰიბრიდი. აქამდედამუხტვადი ჰიბრიდი, სტანდარტული 1.5 TSI PHEV, 201 ცხ.ძ-ს გამოიმუშავებდა, ხოლო 2.0-ლიტრიანი TSI 261 ცხ.ძ-ს. ახალი ვერსია ოდნავ გაუმჯობესებულია და PHEV ვერსიას მოდელის ხაზის სათავეში აყენებს.
როგორც აღინიშნა, განახლებული სისტემა 268 ცხ.ძ-სა და 400 ნიუტონს გამოიმუშავებს. მანქანა 100 კმ/სთ სიჩქარეს 7.1 წამში ავითარებს და მისი მაქსიმუმი 225 კმ/სთ-ია. სტანდარტულ PHEV-თან შედარებით, აღნიშნულ პარამეტრში ის 1 წამით უფრო სწრაფია. განსხვავებას განახლებული 1.5-ლიტრიანი, ტურბოჩაბერვის მქონე ძრავა ქმნის, რომელიც 174 ცხ.ძ-ს გამოიმუშავებს. ის ერთ, 114ცხ.ძ-იან ელექტროძრავას უკავშირდება, რომელსაც 25.7 კვტ.სთ-იანი ბატარეა კვებავს. სიმძლავრე წინა თვლებს 7-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით მიეწოდება. 
ჩეხურმა ბრენდმა დახვეწა სამუხრუჭე სისტემაც — სამუხრუჭე დისკოები ახლა სტანდარტული PHEV-ისაზე 10მმ-ით უფრო დიდი დიამეტრის მქონე (310მმ) და ასევე 10მმ-ით უფრო სქელია (22მმ). ის, ვინც Sportline კომპლექტაციას შეიძენს მიიღებს სპეციალურ საკიდარსაც, რომელიც მოდელს 15მმ-ით ადაბლებს. და თუ დამატებით სიმძლავრესთან ერთად კომფორტსაც დაეძებთ, მაშინ არჩევანი Laurin & Klement კომპლექტაციაზე უნდა შეაჩეროთ, რომელიც ექსტერიერის ცვლილებების გარდა, ტყავის სალონს, Canton-ის აუდიოსისტემას, სპეციალურ ემბლემებსა და ადაპტურ საკიდარ Dynamic Chassis Control-ს გთავაზობთ.
ამ მომენტში ეს Skoda-ს ყველაზე მძლავრი მოდელია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ის წინა თაობის Superb-ს მაინც ჩამორჩება, რომელიც 2-ლიტრიანი TSI ძრავით 276ცხ.ძ-ს გამოიმუშავებდა.