BMW-მ M2-ისთვის ახალი სარბოლო პაკეტი წარადგინა
ამჟამინდელი BMW M2 ვიზუალურად შესაძლოა ყველას გემოვნებას არ ერგებოდეს, თუმცა მისი შესაძლებლობების კრიტიკა რთულია. რასაც უნდა ფიქრობდეთ მის დიზაინზე, ეს არის ავტომობილი, რომელიც რომელიც თავის ძარას რეალურადაც ისე იყენებს, როგორც ეს მიუნხენში ჩაფიქრეს.
ახლა გერმანულმა ავტომწარმოებელმა გადაწყვიტა, რომ ესეც არ არის საკმარისი და თავისი მოდელისთვის ახალი ტიუნინგ-პაკეტი წარადგინა. M Performance Track Kit-ს BMW სულ მცირე გასული წლის შუა პერიოდიდან ავითარებს და ევროპაში მის გაყიდვას ივლისიდან დაიწყებს. ერთ-ერთი ყველაზე შესამჩნევი დამატება ხელით რეგულირებადი უკანა ფრთაა, რომლის მსგავსიც BMW M4 GT4-სა და M4 GT3-ის სარბოლო ავტომობილებზე გვინახავს.

Race რეჟიმში ფრთა 50 მმ-ით უკან იწევს, ხოლო სტანდარტულ რეჟიმში იგი სრულად შეესაბამება გერმანიის საგზაო რეგულაციებს. M2-ის ახალი Track Kit-ი ასევე მოიცავს ხელით რეგულირებად წინა სპლიტერს, დიფუზორს და ბამპერზე დამატებულ „კანარდებს“ (პატარა ფრთებს), რაც ავტომობილის დაწოლის ძალას ზრდის.

აეროდინამიკურ გაუმჯობესებებზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ახალი, ოთხმხრივი რეგულირებადი კოილოვერები (დაკიდების სისტემის ელემენტი, რომელიც ამორტიზატორს და ზამბარას ერთ მთლიან მოწყობილობაში აერთიანებს), რეგულირებადი ზედა სამაგრები და ავტომობილის 20 მმ-მდე აწევის ან დაწევის შესაძლებლობა. ასევე ხელმისაწვდომია დამატებითი სარბოლო საბურავებიც.

M2-ისთვის შემუშავებული Track Kit-ის გარდა, BMW-მ ფლაგმანური M2 CS-ისთვის ახალი M Performance გამონაბოლქვი სისტემაც გამოუშვა. სტანდარტულ სისტემასთან შედარებით იგი დაახლოებით 8 კგ-ით უფრო მსუბუქია და ტიტანის ან კარბონის წვერებითაა შემოთავაზებული, რაც ტვინ-ტურბო 3-ლიტრიანი 6-ცილინდრიანი ძრავის ხმას აუმჯობესებს.
M2-ის ახალი Track Kit-ის ფასი, მონტაჟის გარეშე, 23 500 ევროა (დაახლოებით 28 000 დოლარი), ხოლო M Performance გამონაბოლქვი სისტემის ღირებულება, ასევე მონტაჟის გარეშე, 8 343 ევროდან იწყება.