Audi-ს ხელმძღვანელი: ელექტრო სპორტული კუპე 2027 წელს გამოვა
Audi-ს მიერ შემუშავებული Concept C მხოლოდ ბრენდის დიზაინერული ხედვის ახალი მიმართულება არაა — ის ასევე დიდი ხნის ნანატრ TT-ს მემკვიდრედ იქცევა. თუმცა, თუ აქამდე არ გვქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როდის ვიხილავდით ამ გეგმას განხორციელებული სახით, ახლა Audi-ს ხელმძღვანელმა მნიშვნელოვანი დეტალები გაგვიმხილა.

საინტერესოა, რომ შუაძრავიანი R8-ის საწარმოო ხაზის შეწყვეტის შემდეგ, Audi-ს ორკარიანი სპორტქარი ფაქტობრივად აღარ ჰყავს. ეს კი Concept C-ს ავტომწარმოებლისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვან პროექტად აქცევს. აღსანიშნავია ისიც, რომ თუ Audi-ს გეგმა სისრულეში მოვა და ელექტროსპორტული კუპე 2027 წელს გამოვა, მაშინ იდეის შემუშავებიდან წარმოებაში ჩაშვებამდე მხოლოდ სამი წელი იქნება გასული. ეს გაცილებით უფრო მოკლე განვითარების ციკლია, ვიდრე Audi-ს წარსული მოდელების შემთხვევაში იყო.
„ჩვენი სტრატეგიის პირველი დამადასტურებელი მაგალითი Concept C-ია. ჩვენ ის გასული წლის სექტემბერში წარვადგინეთ და ორ წელიწადში ბაზარზეც გამოვა“, — განაცხადა Audi-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, გერნოტ დოლნერმა.
Audi-ს საგზაო ვერსია VW Group-ის Premium Platform Electric (PPE) არქიტექტურის განახლებულ ვერსიას ეფუძნება. დაახლოებით ისეთს, როგორიც წარსულში Cayman-ისა და 718 Boxster-ის ახალი თაობებისთვის შემუშავდა. მართალია, თავად ელექტრო 718-ების გამოშვება ეჭვქვეშაა, თუმცა, როგორც დოლნერმა თქვა, ეს მათ გეგმებს არ ეხება, რადგან Concept C-ზე მუშაობა „Team Porsche-სა და Team Audi-ს შორის მჭიდრო თანამშრომლობით მიმდინარეობს“.

Concept C-ის ძრავის მონაცემების შესახებ ამ დრომდე დეტალური ინფორმაცია არ გვაქვს, თუმცა ცნობილია, რომ ეს მოდელი სრულად ელექტრო იქნება. ავტომწარმოებელი ამ პროექტზე დიდ იმედებს ამყარებს და Concept C-ს, რომელსაც თავადვე „განსაცვიფრებელ სპორტქარად“ მოიხსენიებს, ბრენდისთვის ახალი თავის დასაწყისად მიიჩნევს.