გერმანია, იაპონია და სამხრეთ კორეა წლის საუკეთესო ავტომობილის ჯილდოსთვის იბრძოლებენ
2026 წლის საუკეთესო ავტომობილის დაჯილდოების ფინალისტები ცნობილია. სიაში ელექტრომობილები დომინირებენ, თუმცა, თუ რომელი მოდელი მიიღებს მთავარ ჯილდოს, ეს პირველ აპრილს, ნიუ-იორკის ავტოშოუზე გამართული ღონისძიებისას გაირკვევა.

წლის საუკეთესო ავტომობილის ჯილდოს ფინალისტებს შორის BMW iX3, Hyundai Palisade და Nissan Leaf-ი არიან. საკმაოდ საინტერესო სამეულია, განსაკუთრებით კი იმის გათვალისწინებით, რომ ფინალისტებშია Leaf-ის ხელმისაწვდომი ელექტრომობილი, რომლის ღირებულებაც 29 000 დოლარიდან იწყება; ამის სანაცვლოდ კი იგი 488 კილომეტრამდე დაფარვის საშუალებას იძლევა.
მეორე მხრივ, სიაშია iX3 თავისი 108.7 კვტ/სთ სიმძლავრის აკუმულატორის ბლოკით. ავტომობილი 463 ცხენის ძალასა და 645 ნიუტონ-მეტრს გამოიმუშავებს, ხოლო 0-დან 100 კმ/სთ-მდე სულ რაღაც 4.7 წამში ჩქარდება. მაქსიმალური სიჩქარე 210 კმ/სთ-ს, დაფარვის დიაპაზონი კი, WLTP-ის მიხედვით, 805 კმ-ს აღწევს.

რაც შეეხება Hyundai Palisade-ს, მისი ფასი 39 000 აშშ დოლარიდან იწყება. ეს მოდელი როგორც სტანდარტულ, ისე ჰიბრიდულ ძრავებს გვთავაზობს, რომელთაგანაც ეს უკანასკნელი 329 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.
საინტერესოა, რომ ელექტრომობილების კატეგორიაში iX3 და Leaf-ი Mercedes CLA-ს დაუპირისპირდებიან. სედანი 85 კვტ/სთ სიმძლავრის აკუმულატორითაა აღჭურვილი და წარმოდგენილია 268 და 349 ცხენის ძალის ვერსიებით.

რაც შეეხება სხვა კატეგორიებს, მსოფლიოს საუკეთესო საქალაქო ავტომობილების ჩამონათვალში არიან: Baojun Yep Plus / Chevrolet Spark EUV, Nio Firefly და Hyundai Venue. ხოლო არანაკლებ მნიშვნელოვანია წლის საუკეთესო ავტომობილის დიზაინის ჯილდო, რომლის პრეტენდენტებს შორის არიან: Kia PV5, Mazda 6e / EZ-6 და Volvo ES90.