მეორე სერია, ბიემვი, ბეემვე, ტუნინგი, სპორტქარი, ბიემვი ემ2 სიესი, ბეემვე ემ2 სიესი
Aa
Aa

გერმანელი ტუნერების შედევრი | BMW M2 CS, რომელიც პირველი თაობის Aventador-ზე მძლავრია

BMW-ს ზოგი მოყვარულისთვის პერსონალიზაციის სივრცე პერფორმანსის ისეთ მონსტრებშიც არსებობს, როგორიც BMW M2 CS-ია. თუ თქვენ ასეთი ადამიანი ხართ და ბავარიული ბრენდის M Performance Track Kit-ზე უარს იტყვით, გერმანული კომპანია Senner Tuning-ი მის ალტერნატივას შემოგთავაზებთ და, BMW-სგან განსხვავებით, რომელმაც პაკეტში ძრავა ხელუხლებლად დატოვა, Senner-ი მისგან დამატებით სიმძლავრეს გამოწურავს (და თან არც ისე ცოტას)...


თუმცა, მოდი ჯერ ექსტერიერით დავიწყოთ. ცვლილებები M2 CS-ზე შესამჩნევია, თუმცა არა მეტისმეტი — ერთი შეხედვით, ეს M Performance-ის კატალოგიდან ამოღებული ნაწილების სულ ოდნავ დაკუნთული ვერსიაა. წინა ბამპერის ქვედა ნაწილს ნახშირბადის ბოჭკოს სპლიტერი ამშვენებს, უკან კი „იხვის კუდის“ სტილის უფრო დიდ სპოილერს ვხედავთ, რომელიც საბარგულის ნახშირბადის სახურავს ერწყმის. 

სანამ სტატიის კითხვას გააგრძელებთ, BMW-ს ისტორიაზე ჩვენს ვიდეოს ხომ არ ნახავდით?

Senner-ის ვერსიაში M2 CS-ის ქარხნული დისკები Wheelforce-ის ნაჭედმა R.2-FG დისკებმა ჩაანაცვლა, რომლებიც ოქროსფრადაა გადაღებილი. დისკებს Michelin Pilot Sport 4 საბურავები მოსავს. დამატებით, მომხმარებლებს შეუძლიათ მოდელი Akrapovic-ის, Milltek-ის, Eisenmann-ისა და Grail-ის გამოსაბოლქვი სისტემებით აღჭურვონ. 

აი ჭეშმარიტ ტრანსფორმაციას კი კაპოტის ქვეშ უნდა ელოდოთ — სტანდარტული M2 CS 3-ლიტრიანი, ორი ტურბინის მქონე, ექვსცილინდრიანი ატმოსფერული ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 523 ცხ.ძ-სა და 649 ნიუტონს გამოიმუშავებს — ამავე ძრავითაა აღჭურვილი M3 და M4 Competition-ი. Senner-მა შეიმუშავა ნახშირბადის ბოჭკოს შემშვები სისტემა და შეუძლია, ძრავის მართვის ბლოკის პარამეტრები მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად შეცვალოს. შესაბამისად, ისინი, ვისაც მაქსიმალური პერფორმანსი სურს, 710 ცხ.ძ-სა და 865 ნიუტონს მიიღებენ. M2-ვით კომპაქტური უკანა ამძრავი სპორტქარისთვის ეს რიცხვები ნამდვილად შემაშფოთებლად მაღალია. 

შედარებისთვის, Lamborghini Aventador LP 700-4, რომელიც 2016 წლამდე გამოდიოდა, 691 ცხ.ძ-სა და 689 ნიუტონს გამოიმუშავებდა. დიახ, მომცრო ზომის BMW ზოგჯერ, შესაძლოა, სუპერქარივით ძლევამოსილი იყოს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები