2003 წლის Mustang Cobra Terminator-ი აუქციონზე ექვსნიშნა ღირებულებით გაიყიდა
ავტოსამყაროში ნოსტალგია საკმაოდ დიდ როლს თამაშობს, განსაკუთრებით კი კოლექციონერთა და ენთუზიასტებისთვის, რომელთაც ძველი მოდელების მიმართ განსაკუთრებული ინტერესი აქვთ. აუქციონებზე წარმოდგენილი ლოტების ღირებულება კი ერთიორად იზრდება მაშინ, როდესაც ავტომობილი უზადო მდგომარეობაშია შემონახული.
ზუსტად ასეთი ლოტი ცოტა ხნის წინ აუქციონზე თითქმის სრულად ახალი Chevy Corvette ZR1-ის რეკომენდებული საცალო ღირებულებით გაიყიდა. თქვენ წინაშეა Mustang SVT Cobra — მაღალი წარმადობის, თუმცა მასობრივი წარმოების „მასლქარი“. მართალია, ეს მოდელი ექსკლუზიურობით ვერ დაიტრაბახებს, თუმცა Mustang-ის შესაძლებლობები და ამჟამინდელი მდგომარეობა აუქციონზე მის მაღალ ღირებულებაშიც გამოიხატა.

Torch Red Clearcoat-ის ფერში შეღებილ SVT Cobra-ს ქარხნის დატოვების შემდეგ სულ რაღაც 22 კილომეტრი აქვს დაფარული. რეალურად, ეს მხოლოდ ქარხნიდან ახალ მფლობელამდე მანძილია, რაც ნიშნავს, რომ მიწოდების შემდეგ ეს მოდელი ფაქტობრივად არავის გამოუყენებია. მას კვლავ აკრავს თეთრი დამცავი ლენტი წინა და უკანა ბამპერებზე, ასევე გვერდითა სარკეებზე. ანალოგიურად, სალონში კვლავ ვხვდებით დამცავ გადასაფარებლებს შავი და წითელი ტყავის სავარძლებზე, ისევე როგორც საჭეზე. სრულად სუფთაა Carfax-იც, რაც გასაკვირი არაა მისი წარმოუდგენლად დაბალი გარბენის გათვალისწინებით.
მოდელი Bring a Trailer-ზე მიმდინარე თვის დასაწყისში გამოჩნდა და საბოლოოდ 176,000 აშშ დოლარად გაიყიდა. ეს გასაოცარი რიცხვია, თუ იმ ფაქტსაც გავითვალისწინებთ, რომ გამოსვლის პერიოდისთვის ამ მოდელის ღირებულება 37,000 აშშ დოლარამდე იყო. ინფლაციის გათვალისწინებით კი დღევანდელი ფასი 65,000 აშშ დოლარზე ოდნავ მეტი უნდა ყოფილიყო. შედარებისთვის, Mustang SVT Cobra-ს ერთ-ერთი ეგზემპლარი 2022 წლის აპრილში 85,000 აშშ დოლარადაც გაიყიდა; ეს იმ დროისთვის საკმაოდ მაღალი შეფასება იყო, თუმცა უახლესი აუქციონის შედეგები ამ თანხაზე თითქმის 106%-ით მეტია.

ცნობისთვის, 2003 წლის Mustang SVT Cobra აღჭურვილია Supercharged 4.6-ლიტრიანი DOHC V8 ძრავით, რომელიც 390 ცხენის ძალასა და 530 ნიუტონ-მეტრს გამომუშავებს. „ტერმინატორის“ 6-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფის საშუალებით, ძრავიდან წამოსული სიმძლავრე უკანა ბორბლებს გადაეცემა. Car & Driver-ის მიერ ჩატარებულმა ტესტმა კი აჩვენა, რომ მოდელი 0-დან 100-მდე 4-წამიან დიაპაზონში ჩქარდება, რაც 2000-იანი წლების დასაწყისის „მასლქარისთვის“ ნამდვილად შთამბეჭდავი შედეგია.