მართვის მოწმობის აღების შემდეგ, მბაპემ BMW i7 გამოცადა
„მადრიდის რეალისა“ და საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელს, კილიან მბაპეს, მიუხედავად იმისა, რომ უკვე 27 წლისაა, მართვის მოწმობა ამ დრომდე არ ჰქონდა. შესაბამისად, სუპერვარსკვალი ვარჯიშებზე ყოველთვის პირად მძღოლთან ერთად ცხადდებოდა, თუმცა ეს მოცემულობა, წესით, უახლოეს მომავალში შეიცვლება.
MARCA-ს ინფორმაციით, ფრანგ ფეხბურთელს მართვის მოწმობა უკვე აქვს და ახლა გზაზე ავტომობილის მარტო მართვასთან შეჩვევას ცდილობს. თუმცა მაშინ, როდესაც თითქმის ყველა ახალბედა მძღოლი ამჯობინებს, ავტომობილის მართვა პატარა და მანევრირებადი მოდელით აითვისოს, მბაპე ავტომობილის მართვას BMW i7-ის საჭესთან სწავლობს.

ქალაქის ქუჩებში მბაპე BMW i7-ით უკვე შენიშნეს და კადრებიც მალევე სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა. კერძოდ კი, საუბარი გვაქვს BMW i7 xDrive60-ზე — გერმანული მწარმოებლის სრულიად ელექტრო, მდიდრულ სედანზე, ორძრავიანი, სრული ამძრავი სისტემით. ეს მოდელი 544 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და 0-დან 100-მდე 4.7 წამში ჩქარდება. ლიმუზინის სტილის მოდელი 5.4 მეტრი სიგრძისაა და დაახლოებით ორი მეტრი სიგანის. მისი ღირებულება კი 140,000 ევროს აღწევს.
შეგახსენებთ, რომ გერმანული ავტომწარმოებელი „მადრიდის რეალის“ პარტნიორია. ამ თანამშრომლობის ფარგლებში კი, ესპანური კლუბის ფეხბურთელები ახალ ავტომობილებსაც იღებენ. i7 xDrive60 სწორედ ის მოდელია, რომელზეც მბაპემ 2025-2026 წლის სეზონისთვის არჩევანი შეაჩერა.
View this post on Instagram
თუმცა ეს არც პირველი შემთხვევა იყო, როდესაც მადრიდელთა რიგებში მოთამაშე ფრანგს BMW-სგან საჩუქრად ავტომობილი ერგო. იმავე ტრადიციის ფარგლებში, გასულ წელს მბაპემ BMW XM-იც მიიღო — დაახლოებით ისეთი, როგორიც კრიშტიანუ რონალდუმ. თუმცა რონალდუსთვის BMW-მ ტოპ-ვერსია, Label Red-ი „გაიმეტა“, მაგრამ ეს კილიანის მოდელს ნამდვილად არ აკნინებს.