გიგანტური უკან გაწვევა — Ford-ი 616 000 ავტომობილს გაიხმობს
უკვე დიდი ხანია მივეჩვიეთ ფაქტს, რომ Ford-ი და მოდელების უკან გაწვევა ერთმანეთისგან განუყოფელი ცნებებია. ამჯერად ამერიკულმა ავტომწარმოებელმა გაწვევის სამი დამოუკიდებელი კამპანია დააანონსა, რომელთა სივრცეშიც, ჯამურად, 616 280 ავტომობილი მოექცევა.
ყველაზე დიდი, პირველი კამპანია 2020-2022 წლების Ford Escape-ს, Ford Explorer-ს, Lincoln Aviator-სა და Corsair-ს ეხება — ჯამში 604 533 მანქანას. მიუხედავად მასშტაბურობისა, პრობლემა არც ისე კრიტიკულია — მოდელების საქარე მინის საწმენდის მოტორი, შესაძლოა გაფუჭდეს და გადაადგილებისას ხილვადობის შემცირებას შეუწყოს ხელი.
კომპანიამ აღნიშნული ხარვეზის შესახებ 2021 წელს შეიტყო, თუმცა გაატარა, რადგან ჩათვალა, რომ ეს უკან გაწვევის გამოსაცხადებლად ზედმეტად დაბალი რისკის მქონე პრობლემაა. მიუხედავად ამისა, 2025 წლის ნოემბერში ეს საკითხი კვლავ განხილვას დაუბრუნდა, რადგან გაფუჭებული მოტორების რიცხვი ძალიან გაიზარდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ პრობლემა Valeo-ს მიერ აწყობილ დეტალს ჰქონდა.
Ford-ის სადილეროები გაწვეულთაგან იმ მოდელებს, რომელთაც აღნიშნული პრობლემა აღმოაჩნდებათ, საქარე მინის საწმენდის მოტორს უფასოდ გამოუცვლიან, თუმცა, ვინაიდან გაწვევა ამდენად მასშტაბურია, ეს პროცესი მაისიდან დაიწყება.
მეორე გაწვევა 11 431 ერთეულ F-250-სა და F-350-ს შეეხება, რომლებიც ამერიკულმა ავტომწარმოებელმა 2025-2026 წლებში აწარმოა. პრობლემა ამ შემთხვევაში უხარისხო შედუღებაა, რომელმაც, შესაძლოა, უკანა ამძრავი ლილვის განცალკევება გამოიწვიოს. Ford-მა აღნიშნული ხარვეზი კენტუკის ქარხანაში, Super Duty სატვირთოების ბოლო გამოცდაზე შეამჩნია, როცა შედუღების წერტილში ამძრავი ლილვის მილი და ჩანგალი ერთმანეთისგან განცალკევდნენ. შედეგად, წარმოება მაშინვე შეჩერდა და გამოძიება დაიწყო.
აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი შემდუღებელი დანადგარი მეტისმეტად იყო გაცვეთილი და, შესაბამისად, მის მიერ შედუღებული დეტალების ხარისხი სტანდარტულზე ბევრად დაბალია. ამ პრობლემაზე Ford-მა 6 საჩივარი უკვე მიიღო. გაწვეული სატვირთოების მძღოლებს სადილეროებში მისვლა შეუძლიათ, სადაც მათი ამძრავი ლილვის სერიულ ნომერს შეამოწმებენ და საჭიროების შემთხვევაში დეტალს გამოცვლიან.
ბოლო გაწვევა კი ფორდის საწარმოო ხაზის დინოზავრებს, 316 ერთეულ E-350-სა და E-450-ს ეხება, კერძოდ, 2026-2027 წლის მოდელებს. პრობლემური, ამ შემთხვევაში, უკუსვლის ხმოვანი სიგნალია, რომელიც, შესაძლოა, მოდელისგან განცალკევდეს და, შესაბამისად, მანქანა უკუსვლის პროცესში მძღოლს არ გააფრთხილებს წინაღობების შესახებ. დილერები ამ პრობლემასაც, ცხადია, უფასოდ მოაგვარებენ.