აუდი, აუდი ა8, ბიემვი მეშვიდე სერია, წარმოების დასასრული, მერსედესი ეს კლასი, ბმვ 7 სერია
Aa
Aa

Audi-მ გერმანიაში A8-ზე შეკვეთების მიღება შეწყვიტა | ახალ მოდელს სავარაუდოდ აღარ ვიხილავთ

სრულგაბარიტიანი მდიდრული სედანების ბაზარზე ვითარება მკვეთრად იცვლება. Mercedes-მა ცოტა ხნის წინ სრულიად განახლებული S-Class-ი წარადგინა, როგორც BMW-ს მეშვიდე სერიის განახლებაზე პრევენციული ნაბიჯი. პარალელურად, Lexus-ი თითქმის 37-წლიანი სერიის შემდეგ LS-ის წარმოებას წყვეტს და, როგორც ცნობილი ხდება, Audi A8-ის მომავალიც გაურკვეველია.

კონკრეტულად კი, Audi-მ თავის მშობლიურ ბაზარზე, გერმანიაში, A8-ზე შეკვეთების მიღება შეწყვიტა. განაცხადების მიღება ოფიციალურად ორი კვირის წინ დაიხურა, რაც ნიშნავს, რომ მომხმარებლებს მის შესაძენად ავტომწარმოებლისთვის მიმართვა 18 თებერვლის ჩათვლით შეეძლოთ.

მიუხედავად გერმანულ ბაზარზე შეკვეთების მიღების შეწყვეტისა, Audi-ს ჯერ არ გადაუწყვეტია, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ისინი გლობალურ გაყიდვებთან დაკავშირებით. როგორც Audi-ს წარმომადგენელმა გამოცემებს განუცხადა, სამომავლო გეგმები მარაგების დონესა და სხვა ფაქტორებზე იქნება დამოკიდებული.

D5 თაობის A8 ავტომწარმოებელმა 2017 წელს წარადგინა. მას შემდეგ ცხრა წელი გავიდა და ბევრი თვლიდა, რომ მოდელი ბაზრისთვის უკვე მოძველებულიც კი იყო. „ფეისლიფტი“, რომელმაც ვერსიის გაცოცხლება სცადა, 2021 წლის ბოლოს ვიხილეთ, თუმცა სასურველი შედეგი ავტომწარმოებელმა ვერც ამ შემთხვევაში მიიღო. რეალურად, ეს მოდელი ვერ ახერხებდა ბაზრის ისეთი ლიდერების დაჩრდილვას, როგორებიც BMW-ს მეშვიდე სერია და Mercedes-Benz S-Class-ია.

Audi-მ ჩინეთის ბაზრისთვის ამ მოდელის სპეციალური ვერსიაც შექმნა და ისტორიული სახელწოდება Audi Horch-იც დააბრუნა, მაგრამ გაყიდვების დინამიკის გამოსწორების ეს მცდელობებიც უშედეგო აღმოჩნდა.

მიუხედავად იმისა, რომ A8-ის მომავალი გაურკვეველია, ოპტიმიზმის საფუძველი კვლავ გვაქვს. Motor1-თან ავტომწარმოებლის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ Audi „თავისი მემკვიდრეობის შესახებ“ დამატებით ინფორმაციას სავარაუდოდ უახლოეს მომავალში გაასაჯაროებს. თუმცა ამ დრომდე A8-ს ჯაშუშური ფოტოები არსად გავრცელებულა, რაც ახალი მოდელის გამოშვების ალბათობას მნიშვნელოვნად ამცირებს.

მსგავსი სიახლეები