Mercedes-ი A-Class-ს შეინარჩუნებს, თუმცა ბენზინზე მომუშავე ძრავაზე უარის თქმა მოუწევს
ჯერ ოფიციალურად არ დადასტურებულა, თუმცა გერმანული ავტომწარმოებელი, სავარაუდოდ, თავის პატარა ზომის ჰეჩბეკს, A-Class-ს მომავალშიც შეინარჩუნებს. მიუხედავად გასულ წელს გავრცელებული ინფორმაციისა, რომ Mercedes-ი A-Class-ს ემშვიდობებოდა, კომპანია წესით მას ელექტრომობილის ვერსიით ჩაანაცვლებს.
Auto Express-თან ინტერვიუსას Mercedes-Benz-ის დიზაინის მიმართულების ხელმძღვანელმა, რობერტ ლესნიკმა კატეგორიულად არ გამორიცხა შესაძლებლობა, რომ ახალი ჰეჩბეკი ელექტრომობილის სახით ათწლეულის ბოლოსთვის გამოჩნდება. არსებული ვარაუდებით, ახალი თაობის მოდელის დებიუტი 2029 წელს უნდა შედგეს — მას შემდეგ, რაც ამჟამინდელი A-Class-ის წარმოება, რომელიც 2028 წლამდე გახანგრძლივდა, საბოლოოდ შეწყდება.

A-Class-ის არსებული თაობის დებიუტი 2018 წელს შედგა, რაც ნიშნავს, რომ ახალი თაობის გამოსვლისთვის მოდელის განახლებას დიდი დრო დასჭირდება. ახალი თაობის A-Class-ის საჭიროების დასაკმაყოფილებლად Mercedes-ი გეგმავს, რომ მოდელის წარმოება უნგრეთის ქარხანაში გადაიტანოს. Mercedes-ი ამჟამად MMA პლატფორმის მრავალფეროვნების გაფართოებაზეა ორიენტირებული, რათა ბაზარს ინოვაციური დიზაინის მქონე ეკონომიური ელექტრომობილები მიაწოდოს. ლესნიკის განცხადებით, A-Class-ს ამ პლატფორმასთან მოსარგებად მნიშვნელოვანი ცვლილებები არ დასჭირდება.

შესაბამისად, ახალი მოდელიც ბრენდის MMA პლატფორმაზე იქნება დაფუძნებული, რომელიც ასევე გერმანული ავტომწარმოებლის სხვა პოპულარულ მოდელებს — CLA-ს, CLA Shooting Brake-ს, GLA-სა და GLB-ს უდევს საფუძვლად. Mercedes-ის ახალი პლატფორმა შესაბამისია იმისთვის, რომ ბენზინის ძრავაზე მომუშავე, ასევე ჰიბრიდული და სრულად ელექტრო მოდელები შეიქმნას. ამავდროულად, ის Euro 7-ის სტანდარტებსაც დააკმაყოფილებს.
ასევე, ამ მოდელის შემთხვევაში Mercedes-ი უარს იტყვის EQ-ბრენდინგზე და A-Class-ის სახელწოდებას შეინარჩუნებს. ამავდროულად, ახალი თაობა ტრადიციულ ჰეჩბეკის ფორმასა და დახვეწილ დიზაინსაც შეინარჩუნებს, რითაც EQ-სერიისთვის დამახასიათებელ ზედმეტად აეროდინამიკურ სტილს თავს აარიდებს.