ისტორიაში პირველად, ავსტრალიურ ბაზარზე გაყიდვებით ჩინეთში აწყობილი ავტომობილები გალიდერდნენ
თანამედროვე ავსტრალიის ავტოინდუსტრია ადგილობრივი ბრენდებით განებივრებული ნამდვილად არ არის, შესაბამისად, სიცარიელის შევსებას უცხოური ბრენდები ცდილობენ. ახალი სტატისტიკის მიხედვით, ჩინურმა ავტომწარმოებლებმა ამ მიმართულებით ისტორიული შედეგი დააფიქსირეს — გასული თებერვალი პირველი თვე იყო, რომელშიც ავსტრალიაში ჩინეთში აწყობილი ავტომობილების ჯამურმა იმპორტმა იაპონური ავტომწარმოებლების შედეგი დაჯაბნა.
1998 წლიდან მოყოლებული, იაპონია ავსტრალიაში ავტომობილების უდიდესი იმპორტიორი იყო, თუმცა თებერვალში ეს შეიცვალა. კერძოდ, იაპონური ბრენდების მოდელებზე არჩევანი 21 671-მა ავსტრალიელმა შეაჩერა, ჩინური ავტომობილი კი 22 362-მა მძღოლმა იყიდა. მე-3 ადგილზე იმპორტიორებს შორის ტაილანდი გავიდა 19493 ერთეულით, ხოლო მე-4 ადგილი კორეელებმა დაიკავეს. 
ჯამურად, ჩინეთში აწყობილი მანქანების გაყიდვები წლიდან წლამდე 50.5%-ით გაიზარდა, ხოლო იაპონური მოდელების 31.3%-ით დაეცა. შეცდომაში რომ არ შეგიყვანოთ, სტატისტიკა მოიცავს ჩინეთში აწყობილი არაჩინური ბრენდების მოდელებსაც (როგორებიცაა Tesla და Kia).
ძალიან გაიზარდა ცალკეული ჩინური ბრენდების პოპულარობაც — ავსტრალიის ბაზარზე ყველაზე გაყიდვადი 10 საავტომობილო კომპანიიდან 4 სწორედ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდანაა. ყველაზე მძლავრად BYD გამოიყურება, რომელიც 5 323-მა ავსტრალიელმა იყიდა — ეს კი 2025 წლის თებერვალზე 62.2%-ით მეტია.
პოპულარობით BYD-ს დიდად არც GWM-ი (Great Wall Motor) ჩამორჩება — კომპანიამ 2026 წლის პირველ 2 თვეში 9 198 მანქანა გაყიდა, მათგან 4689 კი სწორედ თებერვალში. TOP 10-ში მოხვდა Chery-ც — მე-9 პოზიციაზე მყოფმა ბრენდმა იანვარ-თებერვალში 7 718 ავტომობილი გაყიდა. ათეულში ბოლო ადგილს კი MG დასჯერდა.
ავსტრალიური ბაზრის ვარსკვლავები
ავსტრალიურ საავტომობილო ბაზარზე ყველაზე მოთხოვნად მოდელად მაინც Ford Ranger რჩება, რომელიც გასულ თვეში 4 325-მა მძღოლმა შეიძინა. მე-2 ყველაზე პოპულარული მოდელი Toyota Hilux-ია, პოდიუმის მე-3 საფეხურზე კი ჩინური მოდელი, Chery-ს Tiggo 4 Pro ამოიპარა, რომლის გაყიდვებიც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 100%-ზე მეტითაა გაზრდილი. 