BMW-სთან ოფიციალურად გაერთიანების შემდეგ, Alpina პირველ „გამოსამშვიდობებელ“ მოდელს უშვებს
გერმანულმა ავტომწარმოებელმა BMW-მ თავისი დიდხნიანი პარტნიორის, Alpina-ს შესაძენად მიმდინარე პროცესი ოფიციალურად 2022 წლის მარტში დაასრულა. თუმცა 2020 წელს გაფორმებული 5-წლიანი ხელშეკრულების პირობებით, Alpina-ს ამ პერიოდში დამოუკიდებლად ოპერირების საშუალება დაუტოვა. აღნიშნული შეთანხმების ვადა 2026 წლის პირველ იანვარს ამოიწურა, რის შემდეგაც BMW-მ თავის პარტნიორზე სრული კონტროლი აიღო.

შესაბამისად, შესაძლოა ამ „გამოსამშვიდობებელ“ მოდელს BMW-სა და Alpina-ს ოფიციალური გაერთიანების პირველი პროდუქტიც ვუწოდოთ. საუბარია შეზღუდული გამოშვების BMW Alpina XB7 Manufaktur-ზე, რომელიც ამ მოდელის წარმოების დასასრულს ეძღვნება და მცირე რაოდენობით, მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატებისა და კანადის ბაზარზე იქნება წარმოდგენილი.
სპეციალური გამოშვების BMW Alpina XB7-ის კაპოტქვეშ BMW-ს ტვინტურბოჩარჯერიანი 4.4-ლიტრიანი S68 V8 ძრავაა, რომელიც Alpina Switch-Tronic-ის 8-სიჩქარიან გადაცემათა კოლოფს უკავშირდება. ეს უკანასკნელი კი 48-ვოლტიანი ინტეგრირებული ელექტროძრავითაა აღჭურვილი. შედეგად, XB7 საერთო ჯამში 631 ცხენის ძალასა და 800 ნიუტონ-მეტრს გამოიმუშავებს. ამ მონაცემებით, მოდელი 0-დან 100 კმ/სთ-მდე სულ რაღაც 3.9 წამში ჩქარდება.

BMW Alpina-ს მოდელი ორ ახალ ფერშია ხელმისაწვდომი: Frozen Alpina Green და Frozen Alpina Blue. სურვილის შემთხვევაში, მომხმარებელს SUV-ის ცხაურისთვის, ფანჯრებისა და გამომშვები მილებისთვის შავი ფერის დიზაინის (Shadowline) შერჩევაც შეუძლია, ასევე — უნიკალური ემბლემების დამატება. სტანდარტულად მოდელი Alpina Classic-ის 23-ინჩიან დისკებზე დგას.
BMW 2026 წლის XB7 Manufaktur-ის წარმოებას მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყებს, ხოლო მიწოდებას მეოთხე კვარტალში უნდა ველოდოთ. SUV-ის ღირებულება $181 550-დან იწყება (დანიშნულების ადგილზე მიყვანის $1 550-იანი მოსაკრებლის ჩათვლით). ეს ღირებულება თითქმის ორჯერ მეტია საბაზისო დონის X7-ზე, რომლის ფასიც $90 000-დან იწყება.

როგორც ცნობილია, შეზღუდული რაოდენობის 3-რიგიან SUV-ს ავტომწარმოებელი მხოლოდ 120 ერთეულად გამოუშვებს. მოდელი BMW-ს სამხრეთ კაროლინაში მდებარე ქარხანაში აიწყობა. აქვე საინტერესოა, რომ Alpina-მ XB7-ის გამოშვება 2020 წელს დაიწყო და ის კომპანიის პირველი მოდელი გახდა, რომელიც გერმანიის ფარგლებს გარეთ არსებულ ქარხანაში აწარმოა.