ჩინეთის ბაზარზე BYD-ის გაყიდვები 41%-ით დაეცა | პირველ ადგილზე Geely გადავიდა
გასული სამი წლის განმავლობაში ჩინეთის საავტომობილო ბაზარს თუ დააკვირდებოდით, იფიქრებდით, რომ BYD-ს ვერაფერი შეაჩერებდა — კომპანია რეგულარულად უშვებდა ახალ მოდელებს, აფართოებდა საწარმოო ხაზს და გაყიდვებიც ამ ტემპს მიყვებოდა. მიუხედავად ამისა, 2026 წლის სტარტი შემაშფოთებლად ნელია — იმდენად ნელი, რომ პირველობა თანამემამულე Geely-მ გადაიბარა.
მიმდინარე წლის პირველ ორ თვეში BYD-მა 400 241 ავტომობილი გაყიდა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდზე 36%-ით ნაკლებია. აღნიშნული რაოდენობიდან თებერვალზე მხოლოდ 190 190 მანქანა მოდის. იანვართან შედარებით 9.5%-იანი კლება ჩინური ახალი წლის დღესასწაულით იხსნება, თუმცა გასული წლის თებერვალთან შედარებით 41%-იანი ვარდნა არაფრით იხსნება. 
მიუხედავად მშობლიურ მიწაზე არსებული პრობლემებისა, საზღვარგარეთ BYD შესანიშნავად გამოიყურება. მხოლოდ თებერვალში, კომპანიამ ჩინეთიდან ექსპორტზე 100 000-ზე მეტი ელექტრომობილი და დამუხტვადი ჰიბრიდი გაიტანა.
გაძლიერებული კონკურენცია
BYD-ის პრობლემების ზრდას ემატება ადგილობრივ ბაზარზე კონკურენციის გაცხოველებაც. 2026 წლის პირველ ორ თვეში Stellantis-ის პარტნიორი Leapmotor-ის გაყიდვები 26%-ით გაიზარდა და 60 126 ერთეული შეადგინა. 48%-იანი ზრდა დააფიქსირა Xiaomi-ს EV მიმართულებამაც. კიდევ უფრო შთამბეჭდავი კი Zeekr-ის ზრდა იყო — Geely-ს შვილობილი ბრენდის გაყიდვები 2025 წლისაზე 84%-ით მეტია.
კარგად მისდის საქმეები თავად Geely-საც — იანვარი-თებერვლის მონაკვეთში ბრენდმა BYD-ზე 76 000 მანქანით მეტი გაყიდა — 2022 წლის შემდეგ ზედიზედ 2 თვის განმავლობაში BYD Geely-სთან პირველად დამარცხდა. ჩინეთის ბაზარზე ეს უკანასკნელი უკეთ გამოიყურება, თუმცა თანამემამულეს საექსპორტო მიმართულებით ოდნავ ჩამორჩება.
Bloomberg-ის ცნობით, BYD-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ვანგ ჩუანფუმ კომპანიაზე მომავალ მძლავრ ზეწოლაზე ჯერ კიდევ დეკემბერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ სხვა ავტომწარმოებლებმა დაიწყეს იმ ტექნოლოგიური უპირატესობის აღმოფხვრა, რომელიც BYD-ს ჰქონდა.