კალიფორნიაში ორი Tesla Cybertruck-ი გაურკვეველ ვითარებაში დაიწვა
გასული წლის დასაწყისში ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში Tesla-ს რამდენიმე მოდელი დაიწვა ან დაწვეს. თუმცა მაშინ შემთხვევათა დიდი ნაწილი მასობრივი პროტესტის გამოვლინება იყო, რომელიც ელექტრომობილების ამერიკული მწარმოებლის, Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდებოდა. მაგრამ იმავეს თქმა გაგვიჭირდება ბოლო შემთხვევაზე, როდესაც კალიფორნიაში, გაურკვეველ ვითარებაში, ორი Cybertruck-ი განადგურდა.
შემთხვევა გასულ კვირას მოხდა. ინციდენტის ადგილზე მისულ ადგილობრივ სახანძრო სამსახურს ცეცხლში გახვეული ორი ელექტროპიკაპი დახვდა. შემთხვევის ადგილზე გადაღებულ ფოტოებზე ჩანს, რომ ერთმანეთის გვერდიგვერდ დაპარკინგებული Cybertruck-ებისგან მხოლოდ მათი უჟანგავი ფოლადის კორპუსის ნაწილებიღა დარჩა.

NBC LA-ს ცნობით, ინციდენტის ადგილიდან ახლო დისტანციაში Tesla-ს კიდევ რამდენიმე მოდელი იყო გაჩერებული. აქედან გამომდინარე, გაჩნდა ეჭვი, რომ ავტომობილები შესაძლოა ტერიტორიაზე იმავე გზაზე მდებარე Tesla-ს სერვისცენტრს განეთავსებინა. თუმცა, ანალოგიურად, რადგან საპარკინგე ადგილი საცხოვრებელ კომპლექსსაც უკავშირდება, შეიძლება ეს მოდელები კომპლექსის მაცხოვრებლების საკუთრებაც ყოფილიყო.

საინტერესოა ისიც, რომ არცერთი Cybertruck-ი, რომელიც ადგილზე დაიწვა, შემთხვევის დროს დამტენ სადგურზე დაკავშირებული არ ყოფილა. ეს გამორიცხავს ალბათობას, რომ ელექტროპიკაპების განადგურება გაუმართავი დამტენი სადგურებისგან ყოფილიყო გამოწვეული, რისი მაგალითებიც წარსულში არაერთხელ გვინახავს.
ამ დრომდე გამოძიებას ინციდენტის მიზეზი არ დაუდგენია. დამატებით კითხვებს აჩენს ის ფაქტიც, რომ შემთხვევის დროს დაზიანებული მოდელი Tesla-ს Cybertruck-ია. არსებული ვითარებიდან გამომდინარე კი, ბოლომდე არც 2025 წლის შემთხვევების გაგრძელების შესაძლებლობა გამოირიცხება.