ფორმულა 1, მერსედესი, ასტონ მარტინი, მერსედეს აიემჯი, უსაფრთხოების მანქანა, მერსედეს აიემჯი ჯითი
Aa
Aa

Formula 1-ზე წელს მხოლოდ ერთი უსაფრთხოების მანქანა იქნება | ჩემპიონატს Aston Martin-ი ემშვიდობება

ახალი რეგულაციებითა და სტანდარტებით დატვირთული Formula 1-ის 2026 წლის სეზონი ოფიციალურად გასულ უქმეებზე, ავსტრალიის გრან-პრით დაიწყო. პირველი რბოლა კი Mercedes-ის პილოტების, ჯორჯ რასელისა და კიმი ანტონელის ტრიუმფით დასრულდა. ტოტო ვოლფის გუნდის წევრებმა ავსტრალიაში პირველი და მეორე პოზიციები დაიკავეს.

ახალ სეზონში ჩემპიონატში არაერთი ცვლილება ვიხილეთ – ეს შეეხო ყველაფერს, დაწყებული ბოლიდების ზომითა და ახალი გუნდებით, დასრულებული ძრავებთან დაკავშირებული რეგულაციებით. კიდევ ერთი თვალსაჩინო ცვლილება კი უშუალოდ ბადეს არ შეეხება, თუმცა, ალბათ, ამ ფაქტსაც ყველა მარტივად შეამჩნევს. კერძოდ, 2026 წლის სეზონიდან F1-ში უსაფრთხოების მანქანების მიმწოდებელთა შორის მხოლოდ Mercedes-ი დარჩება, Aston Martin-ი კი ჩემპიონატს (მიმწოდებლის რანგში) დაემშვიდობება.

შესაბამისად, Formula 1-ს კვლავ მხოლოდ ერთი უსაფრთხოების მანქანა ეყოლება. თუმცა Mercedes-ი კვლავ შეძლებს F1-ის ბოლიდებს, საჭიროების შემთხვევაში, წინ წაუძღვეს. კერძოდ კი, მას შემდეგ, რაც Aston Martin-მა გადაწყვიტა, შეწყვიტოს როგორც უსაფრთხოების მანქანის, ასევე სამედიცინო მანქანის მიწოდება, Mercedes-AMG GT Black Series-ი ორივე როლს მარტო შეასრულებს. უსაფრთხოების ბოლიდს კი კვლავ გამოცდილი პილოტი, ბერნდ მაილენდერი, გაუძღვება.

შესაბამისად, უსაფრთხოების მანქანა კვლავ Mercedes-AMG GT Black Series იქნება, თუმცა განახლებული ვიზუალით, იუბილეს აღსანიშნავად. ამასთან ერთად კი, 2026 წლის სეზონი რიგით 30-ე იქნება, როდესაც Mercedes-ის მოდელი ფორმულა 1-ში უსაფრთხოების მანქანის როლს შეასრულებს. პირველად ეს 1996 წელს მოხდა, როდესაც ჩემპიონატისთვის Mercedes-Benz C 36 AMG შეირჩა. ამჟამად გერმანული მარკა F1-ის უსაფრთხოების მანქანად AMG GT Black Series-ს (730 ცხენის ძალით), ხოლო სამედიცინო მანქანად Mercedes-AMG GT Coupé 63 S 4MATIC+-ს იყენებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები