სუპერქარი, როდსტერი, პორშე, ტუნინგი, პორშე კარერა ჯითი
Aa
Aa

ტუნერებმა Porsche Carrera GT განაახლეს და Amelia Island-ზე წარადგინეს

Porsche Carrera GT ხშირად უკანასკნელ ჭეშმარიტ ანალოგურ სუპერქარად მოიხსენიება და ყოველი წლის გასვლასთან ერთად, ავტომოყვარულებისთვის უფრო და უფრო სასურველი მოდელი ხდება. მისი დებიუტიდან ორი დეკადის შემდეგ, V10-ით აღჭურვილი ფლაგმანი კოლექციონერებისა და სპეციალისტების ყურადღებას ისევ იქცევს. 

ცხადია, გულხელდაკრეფილები არც ტუნერები არიან — კალიფორნიულმა ტუნინგ-ატელიე Canepa-მ მოდელის სპეციალური ვერსია წარადგინა.

Amelia Island-ის კონკურსზე გასულ კვირას წარდგენილი Porsche Carrera GT SC (Sport Canepa) Liquid Metal მწვანეშია გადაწყვეტილი. ავტომობილს წყვილი გამოსაბოლქვი მილები, შავი დეტალები, ნახშირბადის ბოჭკოსგან დამზადებული უსაფრთხოების კარკასი და ძრავის ცხაურა ამშვენებს. სუპერქარი სტანდარტულ, მაგნიუმის 5-ქიმიან დისკებზე დგას, რომლებსაც Michelin-ის საბურავები მოსავს. 

ასევე იხილეთ: რატომ მოკლეს Porsche-ს ლეგენდარული ტუნერი განგსტერებმა?



მოდელში შეცვლილია ინტერიერიც — სტანდარტული მასალების ნაცვლად, გამოყენებულია კრემისფერი ტყავი და ალკანტარა. ასევე, აქვე ვხედავთ ნახშირბადის ბოჭკოსა და ხის აქცენტებს. საკონკურსო დონის რესტავრაციის მიღმა, ტუნერებმა გააძლიერეს სუპერქარის მექანიკური თვისებებიც. 5.7-ლიტრიანი, ატმოსფერული V10 ხელუხლებლად დარჩა, თუმცა უჟანგავი ფოლადის გამოსაბოლქვი სისტემა უკეთეს ხმასა და ონავ გაუმჯობესებულ პერფორმანსს მოასწავებს. 

გათანამედროვდა რთული კონსტრუქციით გამორჩეული ქარხნული გადაბმულობაც — ახლა ის უფრო კომფორტული და გამძლეა. რაც შეეხება საკიდარს, ის KW სისტემით ჩანაცვლდა, რომელიც წინა ხიდის ჰიდრავლიკური ლიფტინგ სისტემითაა აღჭურვილი. Canepa-ს თქმით, ეს მხოლოდ დასაწყისია, რადგან უკვე ახალ Carrera GT SC-ზე მუშაობა დაიწყეს. 

ტუნერების მონდომება შემთხვევითი არ არის — სტანდარტული კარერას ფასმა 3-მილიონს უკვე გადააჭარბა, გამორჩეული მოდელების ფასი კი კიდევ უფრო მაღალია — მაგალითად, გასულ კვირას აუქციონზე Paint-to-Sample პროგრამის ფარგლებში შექმნილი 19 Gulf Blue Carrera GT-დან ერთ-ერთი 6.7 მილიონ დოლარად გაიყიდა.  

Carrera GT-სთან ერთად, Canepa-მ Amelia Island-ზე კიდევ ერთი საინტერესო მანქანა — Rubystone Red ფერის Porsche 959 SC (Sport Canepa) წარადგინა, რომელიც განახლებული ელექტროსისტემით, აუდიოსისტემით, საკიდრითა და ძრავითაა აღჭურვილი და 850 ცხ.ძ-ს გამოიმუშავებს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები