Formula 1-ს შესაძლოა ჩინური BYD შეუერთდეს | რას გეგმავს ავტომწარმოებელი?
ელექტრომობილების ბაზარზე ლიდერული პოზიციების მოპოვების შემდეგ, BYD ახალი „სფეროების“ ათვისებას იწყებს და მათ შორის, ავტოსპორტში ჩართვასაც კი განიხილავს. საუბარია ისეთ მნიშვნელოვან ჩემპიონატებზე, როგორებიცაა „ფორმულა 1“ და თუნდაც გამძლეობის რბოლები. ამ ნაბიჯით BYD-ს სურს თავისი ბრენდის მიმზიდველობა გლობალური მასშტაბით, განსხვავებული გემოვნების მქონე ავტომოყვარულთა შორისაც კი გაზარდოს.
როგორც Bloomberg-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, BYD-ის მისწრაფებები ჩინეთის ფარგლებს გარეთ არსებული ბაზრების ზრდითა და ჰიბრიდული ძრავების განვითარებით აიხსნება. ავტომწარმოებელი განიხილავს ისეთ ვარიანტებს, როგორებიცაა „ლე-მანის 24-საათიანი რბოლა“ და „ფორმულა 1“ — თუნდაც საკუთარი ახალი გუნდის შექმნის ან/და პოტენციური შესყიდვის შესაძლებლობით.

BYD-ის მიერ მიღებული ნებისმიერი სახის გადაწყვეტილება საკმაოდ იშვიათი იქნება იმის გათვალისწინებით, რომ ამ დრომდე მსგავს ჩემპიონატებსა და შეჯიბრებებში ძირითადად ევროპული და ამერიკული გუნდები დომინირებენ. თუმცა ისიც უნდა ვახსენოთ, რომ, მაგალითად, Geely წარმატებით მონაწილეობს საერთაშორისო ტურისტულ ავტორბოლებში, თუმცა Cyan Racing-ის მეშვეობით, რომელიც ადრე Volvo-ს ქარხნული გუნდი იყო.
ასევე დაგაინტერესებთ: მილიარდერები VS ღარიბები - ფორმულა 1-ის პილოტების გზა
Bloomberg-ის ერთ-ერთი წყაროს ცნობით, „ფორმულა 1“-ში მონაწილეობის მაღალი ხარჯები შესაძლოა BYD-სთვის მნიშვნელოვანი დაბრკოლება გახდეს. სხვადასხვა შეფასებით, ავტომობილის შემუშავებასა და წარმოებას სეზონზე ასეულობით მილიონი აშშ დოლარი სჭირდება. BYD-ის წარმომადგენლებს ამ საკითხზე განცხადება არ გაუკეთებიათ და არც კომენტარის მოთხოვნაზე უპასუხიათ, ამიტომაც რაიმეზე დასაბუთებულად საუბარი ჯერ ძალიან ადრეა.
BYD ძირითადად ხელმისაწვდომი ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილების წარმოებითაა ცნობილი. თუმცა ჩინური ავტომწარმოებლის რამდენიმე მოდელმა თავისი შესაძლებლობებით რეკორდული შედეგები დააფიქსირა. მაგალითად, 2025 წელს ჩინური ბრენდის საკუთრებაში არსებულმა Yangwang U9 Xtreme-მა გერმანიის ტრასაზე მაქსიმალური სიჩქარე 496.22 კმ/სთ განავითარა.

საინტერესოა, რომ F1-ში ჩინური გუნდის დამატების შესახებ განცხადება თავად FIA-ს პრეზიდენტმაც გააკეთა. გასულ წელს Le Figaro-სთან ინტერვიუში მოჰამედ ბენ სულაიემმა განაცხადა, რომ Cadillac-ის შემდეგ, ჩემპიონატისთვის ჩინური მწარმოებლის დამატება ლოგიკური, მომდევნო ნაბიჯი იქნებოდა. F1 პოპულარულია ჩინეთშიც, განსაკუთრებით 2024 წელს შანხაიში დაბრუნების შემდეგ. ჭოუ კუანიუ კი 2022 წელს პირველი ჩინელი მრბოლელი გახდა, რომელიც ჩემპიონატს შეურთდა.