აუქციონი, ჰიპერქარი, ჰენესი, ჰენესი ვენომ ეფ5
Aa
Aa

1817-ცხენისძალიანი Hennessey Venom F5 აუქციონზე გაიყიდება

Hennesey Venom F5 ერთ-ერთი ყველაზე ეგზოტიკური ავტომობილია, რომელიც ამ მომენტში ამერიკის შეერთებულ შტატებში იწარმოება — ძალიან შეზღუდული რაოდენობის ჰიპერქარი, წარმოუდგენლად მაღალი პერფორმანსით. სწორედ ამიტომ, როგორც წესი, მფლობელები ასეთ ავტომობილებს მარტივად არ ემშვიდობებიან ხოლმე, თუმცა ეს ის შემთხვევა არ არის...

აუქციონზე 2023 წლის F5 Roadster-ი გამოჩნდა — მოდელი, რომელიც სულ 30 ერთეულადაა აწყობილი. მოულოდნელი ამ ამბავში ის არის, რომ მისი ოდომეტრი მხოლოდ 1095 კილომეტრს აჩვენებს... ეს ეგზემპლარი იმითაც განსაკუთრებულია, რომ Banner Green ფერშია გადაწყვეტილი, რომელსაც უფრო მეტად Lamborghini-ზე ვხვდებით ხოლმე.


ავტომობილის სიმძლავრეზე პასუხისმგებელი Hennessey-ს ფენომენალური 6.6-ლიტრიანი, ორტურბინიანი V8 ძრავაა (ზედმეტსახელად Fury). თუჯის ბლოკის, ალუმინის ცილინდრთა ბლოკის სახურავის, ტიტანის შემშვები სარქველისა და ინკონელის გამონაბოლქვის მქონე როდსტერი 1817 ცხ.ძ-სა და 1617 ნიუტონს გამოიმუშავებს. უკანა ბორბლებს მთელ ამ სიმძლავრეს 7-სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფი აწვდის.

Hennessey დიდი ხნის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ Venom F5-ს 480 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეეძლო, თუმცა რეალურ გამოცდაზე მხოლოდ 437 კმ/სთ-ის დაფიქსირება შეძლო. ცხადია, ამ შედეგითაც F5 ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი სერიული ავტომობილია, ამიტომ მისი ფასი, 2.1 მილიონი დოლარი, მოულოდნელი სულაც არ არის.

ცნობილი არ არის, რამდენი გადაიხადა ჰიპერქარში წინა მფლობელმა, თუმცა როგორც ვიცით, Venom F5-ების უმრავლესობა 2-3 მილიონი დოლარის შუალედში იყიდება. როგორც ექსტერიერში, ისე ავტომობილის ინტერიერში, ცხადია, ჭარბობს ნახშირბადის ბოჭკოსგან დამზადებული დეტალები (სავარძლები, საჭე და ა.შ).

მართალია, ჰიპერქარი Bugatti Chiron-ივით სრულყოფილი არ არის, თუმცა 1817 ცხენის ძალა მცირე დეტალებზე თვალს ნებისმიერ ავტომოყვარულს დაახუჭინებს...

მსგავსი სიახლეები