Porsche-ს საოპერაციო მოგება 98%-ით დაეცა | ავტომწარმოებელს ფინანსური პრობლემები აქვს
სუპერქარების გერმანელ მწარმოებელს მნიშვნელოვანი ფინანსური პრობლემები აქვს. Porsche-მ განახლებული ანგარიში გამოაქვეყნა და კომპანიის ისტორიაში მოგების ერთ-ერთი ყველაზე დრამატული კლების შესახებ განაცხადა. როგორც ირკვევა, 2025 წელს ავტომწარმოებლის საოპერაციო მოგება დაახლოებით 90 მილიონ ევრომდე დაეცა, რაც 2024 წლის 5.3 მილიარდ ევროსთან შედარებით თითქმის 98%-იანი კლებაა.
მიღებული ფინანსური შედეგების გათვალისწინებით, Porsche-ს საოპერაციო მარჟაც შეუმცირდა. თუ გასულ წელს მარჟა 14%-ს შეადგენდა, ახლა ის 0.3%-მდეა დაცემული. ეს წარმოუდგენელი ვარდნაა ძვირადღირებული მოდელების მწარმოებლისთვის, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მოგებიან კომპანიად არის ცნობილი.

კლების დიდი ნაწილი ჩინეთზე მოდის, სადაც Porsche-ს ადგილობრივ და ბევრად ხელმისაწვდომ მოდელებთან უწევს კონკურენცია. მათ შორისაა BYD და Nio, რომლებმაც როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურ ბაზრებზე სწრაფად მოიპოვეს პოპულარობა, მათ შორის – მდიდრული ავტომობილების მფლობელთა შორის.
ასევე დაგაინტერესებთ: Porsche-ს შემაშფოთებელი ისტორია და აქამდე უცნობი ფაქტები
ამავდროულად, Porsche იძულებულია, მილიარდები დახარჯოს ელექტრომობილების სტრატეგიის რესტრუქტურიზაციისთვის და მისი მომავალი წარმოება არსებულ მკაცრ რეგულაციებს მოარგოს. ამის პარალელურად, მაღალი კლასის ელექტრომობილებზე მოთხოვნა იმაზე დაბალია, ვიდრე ნებისმიერი ავტომწარმოებელი თავდაპირველად ვარაუდობდა.
შექმნილ ისედაც რთულ ვითარებას ტარიფებიც ემატება. ეს უკანასკნელი კომპანიებისთვის წარმოებისა და ექსპორტის ხარჯებს ზრდის, გლობალური ბაზარი კი კიდევ უფრო არასტაბილური ხდება. და ეს ყველაფერი სწორედ მაშინ, როდესაც Porsche თავადვე აღიარებს, რომ „გარდამავალ“ ფაზაში იმყოფება.

ფაქტია, ავტომწარმოებელს ახალი სტრატეგია და სწრაფი მოქმედება სჭირდება, რადგან ბოლო ფინანსურმა ანგარიშმა კარგად აჩვენა, თუ რამდენად დაუცველები არიან პრემიუმ კლასის ავტომწარმოებლებიც კი ინდუსტრიის ელექტრიფიკაციისკენ მიმავალ გზაზე. ამჟამად Porsche ხარჯების შემცირებაზე მუშაობს, ელექტრიფიკაციის გეგმებს ცვლის და ჰიბრიდული, ასევე ისეთი ცნობილი შიგაწვისძრავიანი მოდელების წარმოებას ზრდის, როგორიცაა 911.