მაქს ფერსტაპენი ავტოსპორტის ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ რბოლაში ერთვება
Red Bull-ის პილოტი და Formula 1-ის ნიდერლანდელი ჩემპიონი, მაქს ფერსტაპენი ავტოსპორტის ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ რბოლაში ერთვება. „შეშლილი მაქსი“ ნიურბურგრინგის 24 საათში მიიღებს მონაწილეობას. F1-ის პილოტმა უკვე დაადასტურა, რომ გამძლეობის რბოლაში მისი დებიუტი 2026 წლის Nürburgring 24H-ის სეზონზე შედგება.

ლეგენდარულ 25-კილომეტრიან ნიურბურგრინგის ნორდშლაიფეზე, რომელსაც „მწვანე ჯოჯოხეთის“ სახელით მოიხსენიებენ, მაქსი Mercedes-AMG Team Verstappen Racing-ის მიერ წარდგენილი Mercedes-AMG GT3-ით იასპარეზებს. იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ Formula 1-ში ფერსტაპენი Red Bull-ის პილოტია, Mercedes-ი კი – მისი ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი, მაქსის AMG GT3-ში ხილვა რბოლას, ალბათ, ბევრად უფრო საინტერესო სანახაობადაც აქცევს.
ასევე დაგაინტერესებთ: რატომაა Formula 1-ის პილოტობა თითქმის შეუძლებელი?
Nürburgring 24H-ზე ფერსტაპენი GT-ის გამოცდილ მრბოლელებთან – ჟიულ გუნონთან, დანიელ ხუნკადელასა და ლუკას აუერთან ერთად იასპარეზებს, რაც 24-საათიანი გამძლეობის ბრძოლისთვის საკმაოდ ძლიერ შემადგენლობას გულისხმობს.
Nürburgring 24H მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე რთულ რბოლად ითვლება, რომელშიც 100-ზე მეტი მანქანა მონაწილეობს. რომ აღარაფერი ვთქვათ ნორდშლაიფეზე, „მწვანე ჯოჯოხეთზე“ – ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ტრასაზე, რომელიც კი ოდესმე შექმნილა. Nürburgring 24H-ის მონაწილეებს ცვალებად ამინდსა და ღამის რბოლებშიც მოუწევთ თავის გამოჩენა.

რბოლაში მონაწილეობაზე ისაუბრა თავად მაქსმაც და თქვა, რომ Nürburgring 24H-ზე ასპარეზობა დიდი ხანია, რაც მისი სურვილების სიაშია. ნორდშლაიფეზე რბოლისთვის ის სპეციალური ნებართვის მოსაპოვებლადაც ემზადებოდა. GT3-ის კლასისთვის საჭირო სარბოლო ლიცენზია ჩემპიონმა დაახლოებით ერთი წლის წინ მიიღო. ასე რომ, ახლა მაქსი მზადაა ყველას დაუმტკიცოს, რომ მისი ნიჭი F1-საც სცდება.