BMW-ს რთული 2025 წელი | საოპერაციო მოგება პანდემიამდელ დონემდე დაეცა
BMW ფინანსურ პრობლემებს ებრძვის და სიტუაცია ამ შემთხვევაშიც ნაცნობია. მაღალი ტარიფები და ჩინეთში გაზრდილი კონკურენციის გამო გაყიდვების კლება ისაა, რასთან გამკლავებაც არაერთ ევროპულ ავტომწარმოებელს უწევს. გამონაკლისი არც გერმანული მარკაა, რომლის საოპერაციო მოგებაც გასულ წელს პანდემიამდელ მინიმუმამდე დაეცა.
BMW-ს მიერ გამოქვეყნებული უახლესი ფინანსური ანგარიშიდან ცნობილი ხდება, რომ 2025 წელს გერმანული კომპანიის საოპერაციო მოგება 11.5%-ით შემცირდა და 10.2 მილიარდ ევროს მიაღწია. ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, რომელიც ავტომწარმოებელს COVID-ის შემდეგ დაუფიქსირებია. მიზეზი, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ყველა ევროპული ბრენდის შემთხვევაში მსგავსია: ტარიფები და ჩინეთში გაყიდვების კლება, რის შედეგადაც საოპერაციო მოგების მარჟაც 5.3%-მდე შემცირდა.

პარალელურად, დაახლოებით 3%-ით შემცირდა ავტომწარმოებლის წმინდა მოგების მაჩვენებელი და 7.5 მილიარდი ევრო შეადგინა, ხოლო BMW-ს შემოსავალი 6.3%-ით, 113.5 მილიარდ ევრომდე დაეცა. ავტომწარმოებლის ფინანსური დირექტორის, ვალტერ მერტლის განცხადებით, ტარიფების ტვირთის გარეშე BMW 2025 წელს შემოსავლების ზრდას დააფიქსირებდა.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ შემოსავლებისა და მოგების კლების მიუხედავად, ავტომწარმოებელმა გასულ წელთან შედარებით მეტი მანქანა გაყიდა. კერძოდ, 2025 წელს BMW-მ ბაზარს 2.46 მილიონი ავტომობილი მიაწოდა, რაც წინა წელთან შედარებით მცირედით, თუმცა მაინც 0.5%-იანი მატებაა. გაყიდვების ზრდა ყველაზე ძლიერი ევროპის რეგიონში იყო, სადაც პანდემიის შემდეგ პირველად გადააჭარბა ერთ მილიონს, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში მიწოდება დაახლოებით 5%-ით გაიზარდა.
ასევე დაგაინტერესებთ: BMW-ს ბურუსით მოცული წარსული და აქამდე უცნობი ფაქტები
ამის საპირისპიროდ, გერმანულმა ავტომწარმოებელმა თავის ყველაზე მსხვილ ბაზარზე, ჩინეთში, გაყიდვების 12%-იანი კლება მიიღო. როგორც ჩანს, BMW-ს მოდელებს ადგილობრივი ავტომწარმოებლების პროდუქციასთან კონკურენციის გაწევა უწევთ, რადგან ჩინური ალტერნატივები ბევრად ხელმისაწვდომია და ევროპულ ვერსიებს არც თანამედროვე ფუნქციების სიუხვით ჩამოუვარდება.

ცნობისთვის, გასულ წელს BMW-მ მსოფლიო მასშტაბით 640 000-ზე მეტი ელექტროფიცირებული ავტომობილი გაყიდა, რაც მთლიანი გაყიდვების დაახლოებით 26%-ია. მათგან სრულიად ელექტრო — თითქმის 18% იყო. სამომავლო სტრატეგიის ცენტრში კი ახალი Neue Klasse-ს არქიტექტურაა, რომლის პიონერიც BMW iX3-ის სახით უკვე ვიხილეთ. მიუხედავად შემოსავლებისა და მოგების კლებისა, საკმაოდ თავდაჯერებულია BMW-ს აღმასრულებელი დირექტორი, ოლივერ ზიპსი, რომლის განცხადებითაც, კომპანიას სტრატეგიული მიმართულების შეცვლა არ სჭირდება და გრძელვადიანი წარმატებისკენ ის სწორი კურსით მიდის.