კანადის ბაზარზე 2026 წლის ბოლომდე 3 ჩინური ბრენდი გამოჩნდება
აშშ-სთან ურთიერთობების დაძაბვის ფონზე, კანადამ საავტომობილო ბაზარი, შეზღუდული მასშტაბებით, ჩინური ავტომწარმოებლებისთვის გახსნა — გადაწყვეტილებას ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა, თუმცა, როგორც ჩანს, გარიგება მაინცდამაინც წარუმატებელი არ იქნება.
როგორც ცნობილია, 2026 წლის ბოლომდე კანადურ ბაზარზე სამი დიდი ჩინური ბრენდი გამოჩნდება — BYD, Chery და Geely: სამივე მათგანმა ჩრდილოეთამერიკულ ქვეყანას უკვე მიმართა შესაბამისი სერტიფიცირების გასავლელად. პარალელურად, ჩინური ბრენდები გაყიდვებისა და მიწოდების ქსელებისა და შესაბამისი პარტნიორობების შესაქმნელად მუშაობენ. 
AutoNews Canada-ს ცნობით, ჩამოთვლილი ავტომწარმოებლებიდან მხოლოდ Chery-მ დაადასტურა, რომ მომავალი განვითარების პერსპექტივების კვლევისა და შესაძლო პარტნიორების ძიების პროცესშია.
„კომპანიის პრიორიტეტია, რომ თითოეული სიახლე წარმოდგენილი იყოს გააზრებულად, ხანგრძლივ სტაბილურობაზე, პროდუქტის კონკურენტულობასა და მომხმარებლისათვის საუკეთესო გამოცდილების მიწოდებაზე გათვლით", — ვკითხულობთ განცხადებაში.
კანადის მთავრობამ წარსრულში დაადასტურა, რომ ჩინურ ბრენდებს სერტიფიცირების დროულად გავლაში დაეხმარება, თუმცა, მიუხედავად ამისა, ეს პროცესი, რეგულაციების გამო, გარკვეულ ბიუროკრატიულ წინაღობებთან დაკავშირებული მაინც არის.
შესაბამისად, დიდი ალბათობით, ეს ბრენდები პირველ ეტაპზე შემცირებული, 6.1%-იანი ტარიფებით ვერ ისარგებლებენ (1-ელი მარტიდან აგვისტოს ბოლომდე), რომელიც 24 500 ერთეულ ელექტრომობილს უნდა შეეხოს. 
AutoNews-ის ინფორმაციით რბოლაში წინ, ჯერჯერობით, BYD და Geely არიან. Build Your Dreams-ი კანადაში შესვლას 2024 წლიდან გეგმავდა, თუმცა ეს გეგმები ვადაში გადაწია მას შემდეგ, რაც ტარიფები ამოქმედდა. რაც შეეხება Geely-ს, ის, ტექნიკურად, კანადაში უკვე წარმოდგენილია, რადგან Polestar-ი და Volvo ჩინური ბრენდის შვილობილი კომპანიებია.
აღნიშნული კომპანიები მომხმარებელზე მოდელებს პირდაპირ არ გაყიდიან და, დიდი ალბათობით, სადილეროებთან პარტნიორობის ტრადიციულ მოდელს გამოიყენებენ.
მომავალ რამდენიმე წელიწადში კანადის ბაზარზე შესვლას 20-მდე ჩინური ავტომწარმოებელი გეგმავს...