ფერსტაპენის BMW, რომლის სიჩქარეც 300 კმ/სთ-ს აჭარბებს, აუქციონზე იყიდება
Formula 1-ის მრბოლელი და ოთხგზის ჩემპიონი მაქს ფერსტაპენი თავის პირად საკუთრებაში არსებულ BMW-ს ყიდის. ნიდერლანდელის გერმანული მოდელი 2023 წლის BMW M3 CS-ია, რომელიც, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი სტანდარტული ავტომობილი არაა და ნამდვილი სპორტული სედანია.

BMW M3 CS G80 თაობას ეკუთვნის და კაპოტქვეშ 3-ლიტრიან, ტვინტურბო, ერთრიგა 6-ცილინდრიან ძრავას მალავს. გერმანული მოდელის აგრეგატი 550 ცხენის ძალასა და 650 ნიუტონ-მეტრს გამოიმუშავებს. ძრავიდან წამოსული სიმძლავრე კი სრულად, 8-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფის საშუალებით, ავტომობილის ოთხივე ბორბალზე ნაწილდება. ამის მიუხედავად, სიმძლავრის უმეტესი ნაწილი შესაძლოა უკანა ღერძზე გადავიდეს, რაც ტრასაზე მოდელის ეფექტურობას კიდევ უფრო აუმჯობესებს.
ამ შესაძლებლობებით ფერსტაპენის BMW 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას სულ რაღაც 3.4 წამს ანდომებს, მოდელის ელექტრონულად შეზღუდული მაქსიმალური სიჩქარე კი 302 კმ/სთ-ია.

ასევე დაგაინტერესებთ: მილიარდერები VS ღარიბები - ფორმულა 1-ის პილოტების გზა
შთამბეჭდავი რიცხვების მიღმა, აუცილებლად უნდა ვახსენოთ ის სპეციფიკაციებიც, რომლებიც Red Bull-ის მრბოლელის BMW-ს სხვა ვერსიებისგან გამოარჩევს. ფერსტაპენის საკუთრებაში M3-ის CS ვერსიაა, რომელსაც სპეციალური ძარის კონფიგურაცია აქვს. ავტომწარმოებელმა წონის შესამცირებლად კარბონი გამოიყენა, მათ შორის: კაპოტში, სახურავში, წინა სპლიტერსა და უკანა დიფუზორში. წონის შემცირების გარდა კი, დაიწია სიმძიმის ცენტრიც.
ცნობისთვის, ფერსტაპენის BMW-მ საწარმოო ქარხანა 2023 წლის 24 მარტს დატოვა და იმავე წლის 22 მაისს ნიდერლანდებში დარეგისტრირდა. Red Bull-ის მრბოლელის საკუთრებაში გერმანული მოდელი 2025 წლამდე დარჩა — ამ პერიოდში ნიდერლანდელმა ავტომობილით მხოლოდ 7 804 კილომეტრი დაფარა.

2025 წელს გაყიდვის შემდეგ, BMW-მ ახალ მფლობელთან, ბელგიაში გადაინაცვლა. მეორე მფლობელის ხელში ავტომობილის გარბენი მნიშვნელოვნად გაიზარდა და 20 300 კილომეტრს მიაღწია. რა თქმა უნდა, მოდელს უცვლელად აქვს შენარჩუნებული ქარხნული საღებავი, ორიგინალი ნაწილები და ნაავარიები არაა.
ამ ეტაპზე House of Cars Belgium-ი ავტომობილის სანაცვლოდ 109 900 ევროს ითხოვს. თუმცა, ამ მოდელის იდეალური მდგომარეობის, დაბალი გარბენის, შესაძლებლობებისა და პირველი მფლობელის სტატუსიდან გამომდინარე, არაა გამორიცხული, ეს ფასი კიდევ გაიზარდოს.