Honda-მ ელექტრიფიკაციის პროექტი შეაჩერა და 15-მილიარდიანი შეცდომა აღიარა
Honda Ford-ის, GM-ისა და Stellantis-ის კვალს მიჰყვა და ელექტრომობილების სექტორში გიგანტური თანხა იზარალა. მიუხედავად ამისა, ჩამოთვლილი ბრენდებისგან ჰონდას ერთი რამე განასხვავებს — იაპონურმა კომპანიამ ელექტრომობილების ბაზარზე ნორმალურად შესვლაც ვერ მოასწრო.
ხუთშაბათს Honda-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 0 Series-ის, Saloon-ისა და Acura RSX-ის პროქტები შეწყდა და ეს ელექტრომობილები აღარ გამოვა. აღნიშნული ნაბიჯი ნიშნავს, რომ კომპანიამ 15 მილიარდი დოლარი იზარალა.
გასული წლის ნოემბერში Honda-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ტოშიჰირო მიბემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ავტომწარმოებელი 0 Series SUV-სა და Acura RSX-ს აუცილებლად აწარმოებდა, თუმცა, როგორც ჩანს, იაპონურ გიგანტში რეალობას თვალი მაინც გაუსწორეს.
ოფიციალურ განცხადებაში კომპანიამ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება საბაზრო ფაქტორებისა და ბიზნეს გარემოს ცვლილების გამო მიიღეს და ელექტრიფიკაციის სტრატეგია შესაბამისი ტენდენციების გამო შეიცვალა. ერთ-ერთ მიზეზად კი აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ სატარიფო პოლიტიკის შეცვლა დასახელდა. ასევე, ნაბიჯი აიხსნა იმითაც, რომ EV-ების განვითარებაზე რესურსების ხარჯვა კომპანიის ჰიბრიდული მოდელების კონკურენტუნარიანობას აზიის ბაზარზე აქვეითებდა.
იმავე ინტერვიუში ტოშიჰირო მიბე აცხადებდა, რომ ავტომწარმოებელი 30 000$-ზე იაფიანი ელექტრომობილების წარმოებას განიხილავდა — ამ ეტაპზე ცნობილი არ არის, რამდენად შეძლებს Honda ამ პირობის შესრულებას. კომპანიას აწყობილი ჰქონდა სრულად ელექტრო სპორტქარის პროტოტიპიც, რომლის სერიულ მოდელად ქცევაც, არსებული ვითარების გათვალისწინებით, ახლო მომავალში ნამდვილად არ მოხდება. 
დიდი ალბათობით, კომპანიის გადაწყვეტილება ელექტრომობილების ენთუზიასტებს გულს დაწყვეტს, რადგან Honda-ს ელექტრომობილების პროტოტიპების დიზაინი სტანდარტულ ავტომობილებზე მეტად, „ვარსკვლავური ომებიდან“ გადმოტანილს ჰგავდა.
15-მილიარდიანი ზარალის აღიარების შემდეგ, Honda ჰიბრიდიზაციის სტრატეგიაზე მუშაობას სუფთა სინდისით გააგრძელებს...