ჩინეთი, ელექტრომობილები, მყარსხეულიანი ბატარეა, დრიმი
Aa
Aa

Nebula Next 01X: რას უნდა ველოდოთ Dreame-ს პირველი ელექტრო კროსოვერისგან?

ჩინური Dreame, რომელიც ბაზარზე — ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპისთვის — ძირითადად რობოტული მტვერსასრუტებისა და სხვა ტიპის საყოფაცხოვრებო ტექნიკის წარმოებითაა ცნობილი, საავტომობილო ინდუსტრიაში შედის. კომპანიამ საკმაოდ ამბიციური გეგმები ჯერ კიდევ გასულ წელს გაგვიმხილა და სავარაუდო მოდელების რენდერებიც შემოგვთავაზა. თუმცა, არავისთვის გასაკვირად, Dreame-ს ყველა რენდერი უკვე არსებული რომელიმე ევროპული მოდელის დიზაინს იმეორებდა.

ახლა კი, ჩინურმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ თავისი მოდელების ხაზს კიდევ ერთი ავტომობილი მიამატა — ამჯერად საუბარი კროსოვერის კონცეფციაზე გვაქვს, სახელწოდებით Nebula Next 01X. მაღალი, კუპეს მსგავსი ელექტრომობილის დებიუტი ამ კვირაში, China Home Appliances and Consumer Electronics Expo-ზე შედგა.

რამდენიმე თვის წინ ჩინელებმა Bugatti-ს სტილის სამი სუპერქარიც შემოგვთავაზეს. მათგან ერთ-ერთი Nebula Next 01 იყო. ეს ახალი მოდელიც, რომელიც ამ კვირაში ვიხილეთ, სწორედ ამ უკანასკნელზეა დაფუძნებული. თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ ევროპულ ავტომობილებთან მსგავსებას ვერც ამ შემთხვევაში გავექცევით და ფაქტია, რომ ეს ვერსიაც Ferrari Purosangue-ს კროსოვერის დიზაინს იმეორებს.

მსგავსებების მიუხედავად, უფრო მნიშვნელოვანი ის შესაძლებლობებია, რომელსაც Dreame ამ ელექტრომობილის საშუალებით გვთავაზობს. როგორც კომპანია ამტკიცებს, მათ პირველი მასობრივი წარმოების მყარსხეულიანი ბატარეა შექმნეს, რომლის მიწოდებასაც, საწყის ეტაპზე შეზღუდული რაოდენობით, წელს დაიწყებს. რაოდენობა კი, სავარაუდოდ, მომდევნო წელს გაიზრდება. Dreame-ს თანახმად, 01X-ის აკუმულატორი ელექტრომობილებს 1 876 ცხენის ძალის გამომუშავების საშუალებას მისცემს, რის შედეგადაც მოდელები 100 კმ/სთ-ის სიჩქარეს წარმოუდგენლად დაბალ დროში — 1.8 წამში — მიაღწევენ.

მსგავსად ამბიციური გეგმების მიუხედავადაც, ამ დროისთვის გაგვიჭირდება იმის თქმა, რეალურად მიაღწევს თუ არა Dreame-ს ელექტრომობილები მომხმარებლამდე. Dreame-ს შესაძლოა „რევოლუციური გეგმები“ ჰქონდეს, თუმცა ერთჯერადი კონცეფციების შექმნა გაცილებით მარტივია, ვიდრე მასობრივ წარმოებასთან შეჭიდება. ასე რომ, კომპანიას ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები