Porsche სამსახურიდან დაგეგმილზე მეტ თანამშრომელს გაათავისუფლებს
Porsche ფინანსური პრობლემებისგან თავის დასახსნელად თავდაპირველად ჩაფიქრებულზე მეტ თანამშრომელს გაათავისუფლებს — როგორც ჩანს, ელექტრიფიკაციის ჩავარდნილი სტრატეგიის ცვლილება გერმანულ ავტომწარმოებელს მოსალოდნელზე მძიმედ დაარტყამს.
ახალმა აღმასრულებელმა დირექტორმა, მიხაელ ლაიტერსმა მტკიცედ განაცხადა, რომ Porsche უნდა „შეთხელდეს“. ცოტა ხნის წინ ლაიტერსი აცხადებდა, რომ კომპანია 2030 წლამდე თანამშრომელთა 10%-ის გათავისუფლებას (3900 ადამიანი) გეგმავდა, თუმცა ეს რიცხვი, დიდი ალბათობით, გაიზრდება.
ასევე იხილეთ: 8 ყველაზე ძვირად გაყიდული ავტომობილი ისტორიაში
The Guardian-ის ცნობით, მენეჯმენტში თვლიან, რომ უნდა შექმნან მისაღები პირობები, რათა დასაქმებულთა ამ რაოდენობამ თავად მიიღოს წასვლის გადაწყვეტილება და ამას იძულებითი შემცირებების სახე არ მიეცეს. საბოლოოდ, მიმართულება მკაფიოა: ნაკლები პოზიცია, ნაკლები საფეხური, გადაწყვეტილების უფრო მოქნილად და სწრაფად მიღება.
„ჩვენ მენეჯმენტის სტრუქტურას რეორგანიზაციას ჩავუტარებთ — შევამცირებთ იერარქიებსა და ბიუროკრატიას“, — განაცხადა Porsche-ს CEO-მ და სიახლეები შემოდგომისთვის დაგვიანონსა.
როგორც აღინიშნა, ხარჯების შემცირება სტრატეგიის ცვლილებას უკავშირდება. არც ისე შორეულ წარსულში გერმანულმა ავტომწარმოებელმა ელექტრომობილების მასობრივ წარმოებაზე გადასვლა სცადა თუმცა მოთხოვნა იმაზე დაბალი აღმოჩნდა, ვიდრე ვინმე კომპანიაში ამას ელოდა. ამავდროულად, საკვანძო მნიშვნელობის ბაზრებზე გაიზარდა კონკურენციაც — შესაბამისად, პორშემ 4.5 მილიარდი დოლარი იზარალა.

მეორე პრობლემური ზონა ჩინეთია. იქ მდიდრული სეგმენტის პოპულარობა მინელდა, ადგილობრივი ბრენდები კი უფრო და უფრო გაძლიერდნენ — განსაკუთრებით ელექტრომობილების სეგმენტში. ამ ყველაფრის პარალელურად, ბაზარზე პორშეს ელექტრომობილების მაღალი ფასი ზოგჯერ არაადეკვატურად მოჩანს.
Porsche-ს მძიმე დარტყმა მიაყენა აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ დაწესებულმა ტარიფებმც — ამან აშშ-ის ბაზარზე მიწოდების ჯაჭვი ძალიან გადატვირთა. 
მიუხედავად ჩამოთვლილი პრობლემებისა, გერმანული ავტომწარმოებელი ელექტრიფიკაციის პროექტის ბოლომდე მიტოვებას არ აპირებს — უბრალოდ ტემპები შემცირდება. პარალელურად, შენარჩუნდება შიგაწვისძრავიანი მოდელებიც: პირველ რიგში, ლეგენდარული 911.
დიდი ალბათობით, 2030-იანი წლები ჰიბრიდებითა და შიგაწვის ძრავებით იქნება დატვირთული, ელექტრომობილები კი თავს პერიოდულად შეგვახსენებენ.