BMW-მ პირველი აპრილის ხუმრობა რეალობაც აქცია | M3 Wagon-ი სრულ სარბოლო მზადყოფნაშია
BMW-მ M3 Touring GT — სარბოლო მანქანა, რომელიც გერმანულმა ავტომწარმოებელმა გასულ წელს „ხუმრობის სახით“ წარადგინა — უკვე რეალობად აქცია. BMW-ს ამ წამოწყებაზე გამოხმაურება იმდენად მასშტაბური იყო, რომ ავტომწარმოებელმა ამ მოდელის წარმოება და მაისში, ნიურბურგრინგის 24-საათიან რბოლაში ჩართვა გადაწყვიტა.

გერმანული ავტომწარმოებლის მიერ წარმოდგენილი უნივერსალი BMW M4 GT3 EVO-ს ტექნიკურ მახასიათებლებს იმეორებს. კაპოტის ქვეშ BMW-ს 3-ლიტრიანი, 6-ცილინდრიანი ტურბო ძრავაა მოთავსებული, რომელიც 590 ცხენის ძალასა და 700 ნიუტონ-მეტრს გამოიმუშავებს. უნივერსალის M TwinPower Turbo ძრავა X-Trac-ის 6-სიჩქარიან გადაცემათა კოლოფთანაა შეწყვილებული.
გამოდის, რომ ეს მოდელი არსებითად M4 GT3 EVO-ა, რომელიც M3 Touring-ის კორპუსშია „შეფუთული“. ეს ნიშნავს, რომ უნივერსალი კუპეზე 7.9 ინჩით (200 მმ) გრძელი და 1.3 ინჩით (32 მმ) მაღალია. სხვა მნიშვნელოვან მახასიათებლებს შორის აღსანიშნავია: კარბონით განმტკიცებული პლასტმასის კორპუსი; უსაფრთხოების კარკასი; არაფუნქციური უკანა კარები და 18-ინჩიანი დისკები, რომლებიც მაღალი წარმადობის სამუხრუჭე სისტემითაა აღჭურვილი.


ავტომობილის დიდმა ზომამ არაერთი აეროდინამიკური გამოწვევა წარმოშვა, თუმცა კომპანიამ ისინი ახლად შემუშავებული უკანა ფრთის („გედის ყელის“ ტიპის სამაგრით) საშუალებით გადაჭრა.
BMW-ს განმარტებით, მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში მათ მიერ გავრცელებულ ხუმრობას მილიონობით მომხმარებლის გამოხმაურება მოჰყვა, კომპანიამ გადაწყვიტა, ეს ყველაფერი რეალობად ექცია. ახალი M3 Touring 24H-ის შექმნა გერმანელებისთვის დიდ სირთულეს არ წარმოადგენდა, რადგან კომპანია უნივერსალის სარბოლო ვერსიაზე ჯერ კიდევ 2022 წელს მუშაობდა. ადრეული სამუშაოების წყალობით, ახალი სარბოლო მანქანის შექმნას სულ რაღაც რვა თვე დასჭირდა.

ავტომწარმოებელმა ახალი მოდელის ტესტირება გასულ თვეში დაიწყო. ის რამდენიმე თვეში SPX კლასში მიიღებს მონაწილეობას — განსხვავებულ კლასში, ვიდრე BMW M4 GT3. გუნდს Schubert Motorsport-ი წარადგენს, ხოლო საჭესთან პროფესიონალ მძღოლთა გუნდი: იენს კლინგმანი, უგო დე ვილდე, კონორ დე ფილიპი და ნილ ვერჰაგენი იქნებიან. რბოლის შემდეგ BMW უნივერსალს ტურნეზე გაიყვანს.