სუვი, ჩინური, დამუხტვადი ჰიბრიდი, ჯილი, ჯილი გალაქსი ემ7
Aa
Aa

Geely-ს ახალი დამუხტვადი ჰიბრიდი კომბინირებულად 1730 კილომეტრს გაივლის

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, დამუხტვადი ჰიბრიდების სეგმენტში ჩინურმა Geely-მ საკმაოდ კარგი შედეგები აჩვენა. როგორც ჩანს, ბრენდის უახლესი მოდელი ამ ტენდენციას გააგრძელებს და, პოტენციურად, კიდევ უფრო გააუმჯობესებს. Galaxy M7 (არა, ტელეფონი არ არის, SUV-ია) Starray-ზე დიდი მოდელია და კომბინირებულად წარმოუდგენელი დისტანციის გავლას გვთავაზობს.

Geely-ს ცნობით, Galaxy M7 1.5-ლიტრიან, 4-ცილინდრიან ძრავას იყენებს, რომელიც 29.8 კვტ.სთ-იან ბატარეასთან და 100-ცხენისძალიან ელექტროძრავასთანაა შეწყვილებული. მხოლოდ ელექტრული მუხტით SUV-ი 225 კილომეტრს გადის, სავსე ავზითა და დამუხტული ბატარეით კი, თუ კომპანიას ვენდობით, ის 1730 კილომეტრს გაივლის. როცა ბატარეა სრულად დაცლილია, ძრავა 100 კილომეტრზე მხოლოდ 3.35 ლიტრ საწვავს მოიხმარს. 


Galaxy M7 აგვარებს ერთ მნიშვნელოვან პრობლემასაც, რომელიც ჩინური ავტომობილების საერთო უბედურებაა — მისი ინტერიერი სხვა ჩინური მანქანების იდენტური არ არის, ის განსხვავებული და ნაკლებად გადატვირთულია. მაგალითად, ცენტრალურ კონსოლზე ვხედავთ ორ მცირე ზომის გადამრთველს, დიდი ზომის მბრუნავ გადამრთველთან ერთად. როგორც Starray-ში ამ გადამრთველის მორგება მრავალ განსხვავებულ ფუნქციაზე შეიძლება. ლითონის აქცენტები ინტერიერის სხვადასხვა დეტალზე თვალში ნამდვილად სასიამოვნოდ გვხვდება.

რაც შეეხება ინტერიერის სხვა დეტალებს, თითქმის ყველაფერი უკვე კარგად ნაცნობია. მაგალითად, ადგილზეა დიდი პანორამული სახურავი, დიდი ზომის ცენტრალური მულტიმედიის მონიტორი, ციფრული ინსტრუმენტების დაფა და სმარტფონის 50-ვატიანი უსადენო დამტენი. ახალ მოდელში Geely-მ Flyme-ის 23-დინამიკიანი სტერეოსისტემაც დაამონტაჟა. 

Geely-ს ექსტერიერი ვარსკვლავური არასდროს ყოფილა, რაც ამ შემთხვევაშიც ასე დარჩება — არაფერი განსაკუთრებული და გამორჩეული, უბრალო SUV, რომელიც მყიდველის მოზიდვას დიზაინით ნამდვილად არ ცდილობს. კომპანია ჯერჯერობით არ ასაჯაროებს მოდელის ფასს და ცნობილი არც ისაა, გაიყიდება ის საზღვარგარეთ, თუ მხოლოდ ჩინური ბაზრის მოდელად დარჩება. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები