BMW-მ ახალი i3 წარადგინა, რომელმაც მე-3 სერიის მემკვიდრეობა უნდა გადაიბაროს
გამოჩენის დღიდან, BMW-ის მე-3 სერია ბრენდის ყველა სპორტული სედანის საერთო სტანდარტად იქცა. გასული რამდენიმე დეკადის განმავლობაში, მოდელი მდიდრული სედანების სეგმენტში ერთ-ერთ ცენტრალურ არჩევნად იქცა. ამჯერად, გერმანულ ავტომწარმოებელს თავისი ზეპოპულარული მოდელი ახალ ეპოქაში გადაჰყავს.
გაიცანით BMW i3 — Neue Klasse ფილოსოფიითა და დიზაინით შთაგონებული მოდელი, რომელიც მე-3 სერიას ელექტრიფიკაციის მძიმე ტრანსფორმაციის გადალახვაში დაეხმარება. ახალი i3, iX3-ის შემდეგ, ბრენდის უკვე მე-2 მოდელია, რომელმაც აღნიშნული დიზაინის ენა გაიზიარა.
კომპანიის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ სედანი სრულად ელექტროა, ის მე-3 სერიის სულს ჭეშმარიტად ატარებს — ერთი შეხედვით (და დეტალური გაანალიზებითაც), ეს მტკიცება სიმართლეს შეესაბამება.
ასევე იხილეთ: BMW-ს ბურუსით მოცული წარსული და აქამდე უცნობი ფაქტები
ყველაფერი BMW i3 50 xDrive-დან იწყება. როგორც მისი სახელიდან ვიგებთ, მოდელი სრული ამძრავია, მის ორივე ხიდზე განლაგებული ელექტროძრავების დამსახურებით. ერთად ისინი 463 ცხ.ძ-სა და 645 ნიუტონს გამოიმუშავებენ — ეს მაჩვენებლებია, რომელთა მიხედვითაც ელექტრომობილი პერფორმანსზე ორიენტირებულ სეგმენტში თავისუფლად თავსდება. 
არანაკლებ შთამბეჭდავია i3-ის „ელექტრომობილური“ თვისებებიც — ის ერთი დამუხტვით 700 კილომეტრზე მეტს გადის — ეს EPA-ს სტილის ტესტების მიხედვით... თუ აღნიშნული რეალურ, საგზაო ტესტებშიც დადასურდა, i3 50 xDrive-ი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მანძილის მქონე ელექტრო სედანი გახდება.
აღსანიშნავია მოდელის 800-ვოლტიანი ელექტრო არქიტექტურაც, რომელიც საშუალებას იძლევა, ბატარეა ძალიან მაღალი სიჩქარით დაიმუხტოს. მართალია, ბავარიულ ავტომწარმოებელს ზუსტი დამუხტვის დროსთან დაკავშირებით ზუსტი ციფრები არ გაუვრცელებია, თუმცა შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ის სტანდარტულზე ბევრად ნაკლები იქნება. 
BMW-ს არ დავიწყნია, თუ რა აქცევს მე-3 სერიის მართვას განსაკუთრებულ გამოცდილებად... შესაბამისად, i3 5-ბერკეტიანი უკანა საკიდრითა და დიდი სიფრთხილით რეგულირებული განივი მდგრადობის სტაბილიზატორებითაა აღჭურვილი, რაც დინამიკურად გადაადგილებისას ავტომობილის მდგრადობასა და საიმედოობას უზრუნველყოფს. რაც შეეხება მუხრუჭს, მასზე რეკუპერაციული დამუხრუჭების ხარჯზე ძირითადად ელექტროძრავები ზრუნავენ. BMW-ის Soft-Stop სისტემა სპეციალურადაა შემუშავებული იმისთვის, რომ მძღოლს უფრო ბუნებრივი და ნაკლებად ხისტი მუხრუჭი შესთავაზოს.
Neue Klasse — შიგნით და გარეთ
ვიზუალურად, როგორც აღინიშნა, i3 Neue Klasse ფილოსოფიის ზუსტი ანარეკლია — აქვს გამოყვანილი, „სუფთა“ კორპუსი, რომელსაც არც კუნთები აკლია. განასკუთრებით შთამბეჭდავია გადაწყვეტა, რომელიც ბრენდმა ცხაურას მოუფიქრა — თანამედროვე ელექტრომობილებისგან განსხვავებით, სიმბოლურად BMW-ს ეს ლეგენდარული დეტალი შენარჩუნებულია და მისი ზომაც ბრენდის საფირმო 4-ელემენტიანი მაშუქების განლაგებას შესანიშნავად ეხამება.

ინტერიერი მეტწილად ფუტურისტულია. პირველი, რაც თვალში გვხვდება, i3-ის უნიკალური, 2-ქიმიანი საჭეა, რომელიც ფიზიკური ღილაკების ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდის. მძღოლის წინ BMW-ის Panoramic Vision ეკრანი იშლება, რომელიც მას მნიშვნელოვან ინფორმაციას მარტივად და უსაფრთხოდ მაწვდის. ავტომობილის ფუნქციების უმრავლესობასთან წვდომისთვის კი ცენტრალური, 17.9-დუიმიანი სენსორული მონიტორის გამოყენება მოგიწევთ.
ალბათ, სიურპრიზი არ იქნება, თუ გეტყვით, რომ i3 ტექნოლოგიებითაა დახუნძლული. მას აქვს BMW-ს უახლესი iDrive სისტემა, ჩაშენებული AI ასისტენტი და ოპერაციული სისტემა X-ი, რომელიც წინა თაობაზე 20-ჯერ მძლავრია. მოდელი აღჭურვილია 4-ზონიანი ელექტრო არქიტექტურით, რომელიც ამარტივებს სადენების განლაგებას, ამცირებს წონას და ეფექტიანობას აუმჯობესებს. 
საბოლოოდ, თუ BMW-მ მე-3 სერიის შინაარსის გადმოტანა სწორად შეძლო, i3 უბრალო მემკვიდრის ნაცვლად, ელექტრომობილების ეპოქაში ავტომწარმოებლის ახალი სტანდარტი იქნება.