აშშ-ის ტარიფები ავტოინდუსტრიას $35 მილიარდზე მეტი დაუჯდა | ხარჯი კიდევ უფრო გაიზრდება
ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის მიერ მკვეთრად გაზრდილი სატარიფო გადასახადები ავტოინდუსტრიისთვის უკვე დიდ თავსატეხად იქცა. ავტომწარმოებლების ფინანსური ჩანაწერების ანალიზის თანახმად, იმპორტზე დაწესებული გადასახადები, მხოლოდ უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში, კომპანიებს $35.4 მილიარდზე მეტი დაუჯდათ. ეს თანხა კი, სავარაუდოდ, მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება.

უნდა აღინიშნოს, რომ აშშ-ის მიერ დაწესებული ტარიფები ავტომწარმოებლებისა და მათი შტაბ-ბინების ლოკაციის მიხედვით მნიშვნელოვნად განსხვავდება. ამის მიუხედავადაც, უდავოა, რომ მათ მკვეთრი გავლენა აქვთ მთლიან ინდუსტრიაზე.
გამოცემა Automotive News-ის ინფორმაციით, ტარიფებით გამოწვეული ხარჯი ყველაზე მაღალი, სავარაუდოდ, იაპონური Toyota-სთვის იქნება და 2026 ფისკალური წლის დასასრულს (31 მარტი) 1.45 ტრილიონ იენს, შესაბამისად — $9.1 მილიარდს მიაღწევს. არსებული პროგნოზებით, გაზრდილი ტარიფების გამო, დამატებით $1 მილიარდზე მეტის გადახდა მოუწევთ ისეთ ავტომწარმოებლებსაც, როგორებიც არიან: BMW, Genesis-ის მფლობელი Hyundai-Kia, Honda, Mercedes-Benz-ი და Volkswagen-ი.

გაზრდილი სატარიფო გადასახადების უარყოფითი გავლენისგან დაცულნი არც ამერიკული კომპანიები არიან. Automotive News-ი გამოყოფს „დიდ სამეულს“ — Ford-ს, General Motors-სა და Stellantis North America-ს (წარსულში ცნობილი, როგორც Chrysler), რომლებიც ტარიფებზე, სავარაუდოდ, 6.5 მილიარდ აშშ დოლარზე მეტს დახარჯავენ.
ასევე დაგაინტერესებთ: როგორ უნდა შევამოწმოთ ავტომობილი შეძენისას?
მაღალ ტარიფებს გლობალურად მიმდინარე პროცესები და საავტომობილო ბაზარზე არსებული ვითარებაც ერთვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ ბატარეაზე მომუშავე ელექტრომობილებზე მოთხოვნა პროგნოზირებულზე შესამჩნევად დაბალი აღმოჩნდა. პროგნოზების გაკეთება რთულია თავად სფეროს ანალიტიკოსებისთვისაც, რადგან ტარიფებთან დაკავშირებული მომავალი ჯერ კიდევ ბუნდოვანია.