„უკომპრომისო AMG“ | Mercedes-AMG CLE 646 ცხ.ძ-ით დაბრუნდება
„უკომპრომისო AMG“ — სწორედ ასე აღწერს Mercedes-ი თავის ახალ, მაღალი სიმძლავრის კუპეს. თიზერში, რომელიც ავტომწარმოებელმა მიმდინარე წლის დასაწყისში გამოაქვეყნა, ახალი მოდელის შესახებ მხოლოდ მწირი ინფორმაცია იყო გამხელილი. თუმცა, ამავე თიზერიდან შევიტყვეთ, რომ პროტოტიპი CLE-ზე იქნებოდა დაფუძნებული, ხოლო საწარმოო ვერსია ექსკლუზიური Mythos-ის სერიის ნაწილი გახდებოდა.
ოფიციალურად დაუდასტურებელი ცნობებით, Mercedes-მა ფლაგმანი CLE Coupe დახურულ კარს მიღმა, ამერიკის შეერთებული შტატებისა და კანადის წარმომადგენლებისთვის წარადგინა. Automotive News-ის ინფორმაციით, ღონისძიება არა ჩრდილოეთ ამერიკაში, არამედ კომპანიის მშობლიურ ლოკაციაზე, გერმანიის ქალაქ ზინდელფინგენში გაიმართა.

ღონისძიებაზე Mercedes-ის მომავალი თაობის მოდელების მრავალფეროვანი ხაზი იყო წარმოდგენილი — დაწყებული შიგაწვის ძრავაზე მომუშავე ავტომობილებით, დასრულებული ელექტროხაზით. მათ შორის იყო AMG CLE 63, რომელიც მხოლოდ 30 ერთეულად გამოვა — ეს კი უფრო იშვიათია, ვიდრე Mythos-ის წინა მოდელი (SL PureSpeed), რომელიც 250 ეგზემპლარად იწარმოა.
ასევე დაგაინტერესებთ: როგორ დაიბადა პირველი AMG?
როგორც ამბობენ, CLE 63-ს 646 ცხენის ძალა ექნება, რაც CLE 53-თან შედარებით 203 ცხენის ძალით მეტია. თითქმის დადასტურებულია, რომ გერმანული ავტომწარმოებელი მოდელს 4-ლიტრიანი, ტვინ-ტურბო V8 ძრავით აღჭურვავს. Autocar-ის თანახმად, Mercedes-AMG თავდაპირველად CLE-ს C63-დან მიღებული 4-ცილინდრიანი plug-in ჰიბრიდული სისტემით გამოშვებას განიხილავდა, თუმცა მომხმარებელთა უარყოფითმა გამოხმაურებამ კომპანიას, შესაძლოა, გეგმების შეცვლა აიძულა.

სავარაუდოდ, CLE-ს 646 ცხენის ძალა სრულად შიგაწვის ძრავიდან მოდის. უცნობია, გამოიყენებს თუ არა ავტომწარმოებელი mild-hybrid ტექნოლოგიას, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ძირითად სამუშაოს V8 შეასრულებს. დაუდასტურებელი ცნობებითვე, ავტომობილის ღირებულება ექვსნიშნა თანხას მიაღწევს, იმის გათვალისწინებით, რომ CLE 53-ის ფასი, დამატებითი ოპციების გარეშე, $80 000-ზე ოდნავ ნაკლებია.
გერმანიაში გამართულ ღონისძიებაზე სტუმრებმა G63-ის კაბრიოლეტიც იხილეს — ოთხი კარითა და ელექტრონულად დასაკეცი სახურავით, რომლის წარმოებაც 2027 წლის მესამე კვარტალში უნდა დაიწყოს. Mercedes-ი, ასევე, მუშაობს ახალ GT Black Series-ზე, თუმცა დეტალები ამ ეტაპზე შეზღუდულია.