V12 „თამაშში“ რჩება | Rolls-Royce ელექტრიფიკაციის გეგმაზე უკან იხევს
ელექტრიფიკაციის მკაცრი გეგმები, დასახული სამიზნე თარიღებით, ავტომწარმოებლებისთვის ისეთი მარტივად შესასრულებელი პირობა არ აღმოჩნდა, როგორადაც თავიდან აღიქვამდნენ. Rolls-Royce ერთ-ერთი ბოლოა იმ ავტომწარმოებელთა შორის, რომელმაც ელექტრიფიკაციის გეგმაზე უკან დაიხია და, ამასთანავე, თავისი ლეგენდარული V12 ძრავების შენარჩუნების პირობაც დადო.

Rolls-Royce ერთ დროს სრულ ელექტრიფიკაციაზე იყო ორიენტირებული. 2022 წელს Spectre-ს გამოშვებისას ბრიტანულმა ავტომწარმოებელმა პირობა დადო, რომ 2030 წლისთვის მხოლოდ ელექტრომობილების წარმოებაზე გადავიდოდა. თუმცა The Times-თან ინტერვიუში კომპანიის ახალმა აღმასრულებელმა დირექტორმა, კრის ბრაუნრიჯმა გაამხილა, რომ კომპანიამ 2030 წლის გეგმებზე უარი თქვა და, შესაბამისად, სტრატეგიაც შეცვალა. ამის ნაცვლად, უახლოეს მომავალში Rolls-Royce 12-ცილინდრიანი ძრავების წარმოებას გააგრძელებს.
ბრაუნრიჯის თქმით, შერბილებული რეგულაციებისა და შენელებული მოთხოვნის გათვალისწინებით, კომპანია იძულებული გახდა თავისი სტრატეგიისთვის გადაეხედა. „თითოეული მომხმარებლის სანაცვლოდ, რომელსაც ელექტრომობილი უყვარს, არსებობს ერთი, რომელსაც ის არ მოსწონს“, — განაცხადა Rolls-Royce-ის CEO-მ, თუმცა ისიც აღიარა, რომ ელექტრიფიკაციის 2030 წლის გეგმა „თავის დროზე“ სწორი მიდგომა იყო.

ცნობისთვის, მიმდინარე წელს შიგაწვის ძრავების წარმოების გაგრძელება დაადასტურა BMW Group-მაც, მათ შორის იყო Rolls-Royce-ის V12. კომპანიის განცხადებით, ამ ტიპის ძრავებს შეუძლიათ Euro 7-ის სტანდარტები დააკმაყოფილონ ისეთი კომპონენტების განახლებით, როგორიცაა, მაგალითად, გამოსაბოლქვი სისტემა.
ასევე დაგაინტერესებთ: როგორ შექმნა ღარიბმა ბიჭმა საოცრად მდიდრული ბრენდი?
ელექტრიფიკაციის გეგმის შეცვლის მიუხედავად, Rolls-Royce-ის ხელმძღვანელობას ამ ეტაპზე Spectre EV-ის წარმოების შეწყვეტაზე არაფერი უთქვამს. მიუხედავად იმისა, რომ 2023 წელს, გამოშვებისას, მოთხოვნა საკმაოდ მაღალი იყო, 2025 წელს გაყიდვები 47%-ით, თითქმის 1 002 ერთეულამდე დაეცა. თუმცა Spectre EV-მა მაინც გადაასწრო Ghost-ს, რომლის მხოლოდ 993 ერთეული გაიყიდა.