საწვავის კრიზისი, ავსტრალია, კონფლიქტი
Aa
Aa

ავსტრალია საწვავის კრიზისთან ახლოსაა — ქვეყანა სტრატეგიულ რეზერვებს იყენებს

ირანში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტმა მეორე თვეში შეაბიჯა და ის ახლო აღმოსავლეთისგან ძალიან შორს მცხოვრებ ადამიანებსაც შეეხო — განსაკუთრებით კი მძღოლებს, რომელთა ავტომობილებიც საწვავს მოიხმარს. მათი უმრავლესობა საწვავის ფასების ზრდაზე წუწუნებს, (ჯერჯერობით) მცირე ნაწილს კი ახლა უკვე ბენზინგასამართ სადგურამდე უფრო გრძელი გზის გავლაც უწევს. 

ავსტრალიის ახალი სამხრეთ უელსის შტატის პირველმა პირმა განაცხადა, რომ 105 სადგურს დიზელი გამოელია, ხოლო 35-ს როგორც დიზელი, ისე ბენზინი. ეს, ჯერჯერობით, ტრაგედია არ არის, რადგან შტატში 2500-მდე სადგურია, თუმცა ტენდენცია მაინც არასასიამოვნოა. 

შტატის ოფიციალურმა პირმა News Australia-ს განუცხადა, რომ ამჟამად ეკონომიკაში იმაზე მეტი საწვავია, ვიდრე 5 კვირის წინ იყო, თუმცა ეს სტრატეგიული რეზერვების გამოყენებისა და გარკვეული შეზღუდვების შემსუბუქების ხარჯზე ხდება. მან თქვა ისიც, რომ ავსტრალიის მოქალაქეები პანიკურად, დასასაწყობებლად დიდი რაოდენობის ბენზინს ყიდულობენ და მოუწოდა, რომ ასე არ მოიქცნენ, რადგან ასე საწვავს იმ ადამიანებს ართმევენ, რომელთაც ის ნამდვილად სჭირდებათ. 

მეტწილად, საწვავის დეფიციტი ქალაქიდან მოშორებით მდებარე არაქსელურ სადგურებს შეეხო — ეს პრობლემურია, რადგან, როგორც წესი, ასეთ რეგიონებში მცხოვრები ადამიანებისთვის ალტერნატივა მაინცდამაინც მრავალფეროვანი არ არის.

ABC-ის ცნობით, ავსტრალია საწვავის უდიდეს ნაწილს იმპორტით იღებს და ამჟამად ქვეყანა-კონტინენტის სტრატეგიულ რეზერვებში 38 დღის სამყოფი ბენზინი და 30 დღის სამყოფი დიზელია. 

„ცხადია, ჩვენ მივიღებთ საგანგებო ზომებს, თუ ეს საჭირო გახდება, თუმცა ასეთ ნაბიჯებს ახალი სამხრეთ უელსის ეკონომიკასა და ბიზნეს გარემოზე გავლენა ექნება“, — ვკითხულობთ გამოცემაში.

საწვავის კრიზისის პარალელურად, ქვეყნებში კორონავირუსის პანდემიის პერიოდის მსგავს შეზღუდვებზე დაიწყეს საუბარი — ავსტრალიის კლიმატის ცვლილებისა და ენერგეტიკის მინისტრმა წამოჭრა იდეა, რომ სამსახურებმა თანამშრომლებს სახლიდან მუშაობის საშუალება მისცენ, რათა საწვავის მოხმარება შემცირდეს.

მსგავსი სიახლეები